თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერწკარში დაასრულა ჩხრეკა ბადრი ესებუას სახლში, რომელსაც ზუგდიდში ბანკის ძარცვა და მძევლების აყვანა ედება ბრალად.
პირველი არხის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაადასტურეს, რომ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, თუმცა არ დაუზუსტებიათ, იყო თუ არა ამოღებული სახლიდან რაიმე ნივთები.
გარდა ამისა, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი ფაცაციამ ეჭვმიტანილის მამა, ტარიელ ესებუა პირადად გადაიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში.
საგამოძიებო მოქმედებები ასევე დასრულდა ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას სახლში. გამოკითხვაზე არიან გადაყვანილნი ბიკენტი და ბიძინა ესებუები. ასევე, გამოკითხვაზე გადაიყვანეს ბადრი ესებუას დეიდა და დეიდაშვილი.
შსს-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. შსს-მ ასევე მისი ფოტო გაავრცელა. მიმდინარეობს დამნაშავის ძებნის სპეცოპერაცია.