თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. პოლიტიკურმა პარტიამ „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი“ სისხლის სამართლის პოლიტიკის რეფორმა წარმოადგინა.
ბლოკის ლიდერი ჯონდი ბაღათურია შემოთავაზებულ საკანონმდებლო შესწორებებს „რევოლუციურს“ უწოდებს. მათი პრეზენტაცია სიმბოლურად გლდანის №8 ციხესთან გაიმართა.
„ცვლილებები, რომლებიც ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ, დიამეტრალურად ცვლის სისხლის სამართლის პოლიტიკას. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსში 55-ე მუხლის აღდგენა. ეს არის მუხლი, რომელიც მოსამართლეს აძლევს საშუალებას განსასჯელის პიროვნებიდან გამომდინარე, გამოიტანოს უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ ამას ითვალისწინებს მუხლი, რომელიც მას აქვს წაყენებული. ამ მუხლის აღდგენა საშუალებას მისცემს პატიმრებს, თავისი უფლებები დაიცვან და მიიღონ უფრო შემსუბუქებული სასჯელები პროკურატურისა და საპროცესო შეთანხმებების გარეშე. ეს არის რადიკალური ცვლილება, სადაც მოსამართლის როლი მართლმსაჯულებაში იქნება გამოკვეთილი და მოსამართლე სასჯელის გამოტანის დროს აღარ იქნება დამოკიდებული პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზე“, - განაცხადა ბაღათურიამ.
გარდა ამისა, ბაღათურია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (ძალადობა) გაუქმების ინიციატივითაც გამოდის, ვინაიდან ფიქრობს, რომ „ის ქართული ოჯახის ტრადიციის წინააღმდეგაა მიმართული“.
სააკაშვილის პარტიის აკრძალვას საქართველოში კიდევ ერთი ორგანიზაცია მოითხოვს >>
„თუ ძალადობას აქვს ადგილი, ეს მუხლი გადადის 117-ში. დანარჩენ შემთხვევაში, 126-ე მუხლით გასამართლებული პირები - ყველანი იქნებიან გათავისუფლებული“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
პარტია „ქართული დასი“ 2007 წელს შეიქმნა. მისი ლიდერი ჯონდი ბაღათურია გაერთიანებული ოპოზიციის კვოტით 2008 წლის მოწვევის პარლამენტში მოხვდა. ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, 2016 წელს, პარტიამ მხოლოდ 0,12% მიიღო და პარლამენტის მიღმა დარჩა.
მეათე მოწვევის პარლამენტში მოსახვედრად „ქართულმა დასმა“ 1%-იანი ბარიერის გადალახვა უნდა შეძლოს.