თბილისში დარეჯან დედოფლის სასახლის რესტავრაცია დასრულდა - ფოტო

© photo: Tbilisi City Hall / FBდარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსი
დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
XVIII საუკუნეში აგებული დარეჯანის სასახლის შესწავლა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყეს, მათ დაადგინეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სასწრაფო რესტავრაცია სჭირდებოდა,

თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლის - დარეჯანის სასახლის რესტავრაცია დასრულდა, იუწყება თბილისის მერია.

XVIII საუკუნეში აგებული დარეჯანის სასახლის შესწავლა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყეს.

კომპლექსი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

„აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა. სამუშაოების ჩატარებას დაახლოებით წელიწადზე მეტი დასჭირდა. მიხარია, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად განახლდა ეს სივრცე და ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ადგილზე გვაქვს დარეჯანის სასახლე, რომელიც ხვალიდან სტუმრებს მიიღებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ტერიტორია. კერძოდ, ზედა და ქვედა ეზოები მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, მოეწყო ბორდიურები, ასევე, სანიაღვრე არხები ლითონის ცხაურებით და ჭებით. სასახლის ეზო და ციხის ტერასები გაზონები რულონური ბალახით და სხვადასხვა ხე-მცენარეებით გამწვანდა, ასევე მოეწყო სარწყავი სისტემა. დამონტაჟდა ლამპიონები, რესტავრაცია ჩაუტარდა ლითონის ჭიშკარს და მოაჯირებს.

აღდგა მეფე ერეკლეს აბანო. დაზიანებულ შენობას ჩაუტარდა კონსტრუქციული გამაგრება, აღდგა აბანოს არქიტექტურული იერსახე, აგურის წყობის კამარების რესტავრაციით, ჰიდროსაიზოლაციო ფენილის მოწყობით, დამონტაჟდა შესასვლელი ხის კარი, დაიგო აგურის იატაკი.

განხორციელდა კომპლექსის გალავნის სარესტავრაციო სამუშაოები: გალავნის რესტავრაცია შესრულდა აგურის წყობის ღარების შევსებით და ქართული აგურის წყობით კირის დუღაბზე; კედლების დაზიანებული ადგილები აღდგა ქვით და ქართული აგურით კირხსნარზე; მიწისქვეშა წყლების გასატარებლად მოეწყო სადრენაჟო მილები; გალავნის კედლებსა და ბურჯებზე დამონტაჟდა მინათების სისტემა.

სარესტავრაციო სამუშაოებისას გამოვლინდა არქეოლოგიური ნაშთები, მათ შორის, გალავნის ფრაგმენტები, რომელიც არქეოლოგების მიერ შესაბამისი წესების დაცვით გაიწმინდა და შენარჩუნდა.

პროექტის ფარგლებში შესრულდა ფერისცვალების დედათა მონასტრის XVIII საუკუნის ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები.

სარესტავრაციო სამუშაოები სამშენებლო კომპანიის - „იკორთა 2007“ -მა შეასრულა. პროექტის ბიუჯეტმა 1 147 000 ლარი შეადგინა.

დარეჯანის სასახლე ავლაბარში, ღვინის აღმართზე მდებარეობს. აშენდა 1776 წელს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორის ბრძანებით მისი მეუღლე დარეჯან დედოფლისათვის (1734 – 1807). ეს იყო მდიდრული სასახლე, რომლის ტერიტორიაზეც იმავე პერიოდში აღიმართა კარის ეკლესია. აღსანიშნავია, რომ ტაძრის არქიტექტურა ირანულ ელემენტებსაც შეიცავს.

სასახლე და ეკლესია ნაწილობრივ დაინგრა XVIII საუკუნის ბოლოს, აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას. დედოფლის სანქტ-პეტერბურგში გადასახლების შემდეგ, 1807 წელს, ეგზარქოსმა თეოფილაქტემ ტაძართან საკვირაო სკოლა და სასულიერო სემინარია გახსნა. 1824 წელს აქ ამოქმედდა დედათა მონასტერი, 1862 წელს კი - სემინარია სასულიერო პირთა შვილებისთვის. 2001 წელს ეკლესიის საკურთხეველი ხელახლა მოიხატა. ამჟამად კი აქ დედათა მონასტერი ფუნქციონირებს.

ყველა ახალი ამბავი
0