თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევიდან ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი სამედიცინო ცენტრში დაფიქსირდა, იუწყება საქართველოს პირველი არხი.
ტელეკომპანიის ცნობით, გარდაცვლილები არიან 66, 72 და 90 წლის პაციენტები.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 90 წლის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 12 ოქტომბერს შეიყვანეს და მას კორონავირუსის გარდა, პნევმონია, ქრონიკული გასტრიტი და კონვერსიული აშლილობა უფიქსირდებოდა.
რესპუბლიკური საავადმყოფოში გარდაცვლილ მეორე პაციენტს - 66 წლის ქალს, რომელიც კლინიკაში 20 ოქტომბერს მოათავსეს, COVID-19-თან ერთად ასევე ჰქონდა პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი და იყო დიალიზდამოკიდებული.
მესამე პაციენტი კი 72 წლის ქალია, რომელიც გარდაიცვალა ბათუმის სამედიცინო ცენტრში, კლინიკაში 14 ოქტომბერს, COVID-19-ის, გულის უკმარისობისა და სუნთქვის მწვავე უკმარისობის დიაგნოზით შეიყვანეს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით სულ 8 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ინფორმაცია გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა.
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 551-ით გაიზარდა. ამ დროისთვის რეგიონში 75 მძიმე პაციენტია, მათგან 25 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4000-ს აჭარბებს, თვითიზოლაციაშია 12 000-მდე პირი. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 271 კოვიდდადებითი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარაში 6 624-ს აღწევს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში 10 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული, აქედან ოთხი კლინიკა პაციენტების მიღებას ე.წ. ჰიბრიდული მეთოდით ახორციელებს.
„ანტისხეულები დამიფიქსირდა“ – მომღერალი აცხადებს, რომ კორონა ერთხელ უკვე გადაიტანა >>
პანდემიის დაწყებიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში სულ 28 431 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილთა რიცხვმა საქართველოს მასშტაბით 201-ს მიაღწია. ინფიცირების დღე-ღამური მაჩვენებელი ორი ათასს უახლოვდება. ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ნოემბერში ახალი შემთხვევების რაოდენობა სამ-ოთხ და ხუთი ათასსაც კი მიაღწევს დღე-ღამეში.