თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი PCR-ტესტირებას ნაცვლად ორკვირიანი შუალედისა, კვირაში ერთხელ გაივლის, ხოლო ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტით ყოველ 72 საათში ერთხელ შემოწმდება, ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
აღნიშნული ცვლილება კიდევ ერთი პრევენციული ზომაა იმისთვის, რომ პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულები გარედან ვირუსის იმპორტისგან იყვნენ დაცულები, აცხადებენ უწყებაში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი N8 პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო-საიზოლაციო სივრცეში მოთავსებულ ორ ბრალდებულს დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, პენიტენციური დაწესებულებების ის თანამშრომლები, რომლებიც მიმდინარე წლის 29 მარტიდან ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ, ყაზარმული რეჟიმით დაწესებულებებში შესვლამდე PCR ტესტით მოწმდებიან. ჯამში მაისის ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით პენიტენციურ სისტემაში 13 253 PCR-ტესტი გაკეთდა. ამიერიდან კი ყველა თანამშრომელისთვის ტესტირების ახალი სისტემა ამოქმედდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1941-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 26503-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10163 ადამიანი, გარდაიცვალა – 193, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4180, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3571 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.