თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების - ცხელების, ხველის, სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში მოქალაქე უნდა დაუკავშირდეს საკუთარი ოჯახის ექიმს, ან დარეკოს „112“-ზე, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„თითოეული ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია გახლავთ მარტივი – თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. როდესაც ეს სიმპტომი ჩნდება, აუცილებელია ის დარჩეს სახლში, იყოს რაც შეიძლება იზოლირებული, დაურეკოს თავის ოჯახის ექიმს და ექიმი ეტყვის, როგორ მოიქცეს. თუ არ იცის, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, ის რეკავს „112“-ზე, რომელიც გადაამისამართებს ოჯახის ექიმთან, რომ ექიმის დანიშნულებით ეს ყველაფერი იმართოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე მსოფლიოში, რეგიონსა და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს.
„ეპიდსიტუაცია გლობალურად დაიძაბა განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, ევროპაში, სადაც დაახლოებით 200 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. მსოფლიომ კი უკვე გადააჭარბა 42 მილიონ ინფიცირებულს, დღეს კი მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 490 000 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ანტირეკორდია“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, საქართველოში ცხელ წერტილებად კვლავ სამი რეგიონი რჩება, თბილისი სადაც ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 1034 ახალი შემთხვევა, აჭარა სადაც 320 შემთხვევა იყო და იმერეთი, სადაც ვირუსი 258 ადამიანს გამოუვლინდა.
ასევე მნიშვნელოვნად იმატებს რიცხვები ქვემო ქართლში, გამყრელიძის მტკიცებით, ეს კვლავ დიდ შეკრებებს უკავშირდება.
„იყო საქორწილო სუფრა ერთ-ერთ სოფელში, სწორედ ამან გამოიწვია ეპიდაფეთქება და შესაბამისად მისი გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაციები: ეს არის დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება დახურულ და ღია სივრცეებშიც, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება.
„უმორჩილესად გთხოვთ, დავემორჩილოთ რეგულაციებს, რაც დაწესებულია სახელმწიფოს მიერ, რადგან სხვანაირად პანდემია უკან არ იხევს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველო ფაქტობრივად უკვე გადავიდა ისეთ რეჟიმში, როდესაც ინფიცირებულთა ყოველი მომდევნო სტატისტიკა რეკორდულია.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1 941-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 26 503-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10 163 ადამიანი, გარდაიცვალა – 193, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4180, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3571 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.