ქობულეთში ინკასატორი დააყაჩაღეს

გამოწერა
გუშინ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ზუგდიდში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე. შეიარაღებულმა პირმა 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ინკასაციის სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმა მოხდა. 

ვითარება ზუგდიდში - Sputnik საქართველო
რა ხდება ზუგდიდში „საქართველოს ბანკთან“, სადაც მძევლები აიყვანეს

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ბანკის შესასვლელთან რიგში იდგა, ინკასაციის სამსახურის წარმომადგენელს ბანკში შეჰყვა, თავს დაესხა, ფულით სავსე ჩანთა ხელიდან გამოსტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჯერჯერობით უცნობია წაღებული თანხის კონკრეტული რაოდენობა.

ამ დროისათვის მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ლენტითაა შემოსაზღვრული და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

„საქართველოს ბანკი“ აღნიშნავს, რომ ინკასაციის სამსახური მათ არ ეკუთვნით. მათი განცხადებით, დაყაჩაღებული ინკასატორი მათი ბანკის თანამშრომელი არ არის.

„ეს არ არის „საქართველოს ბანკის“ კუთვნილი ინკასაციის მანქანა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მანქანა ეკუთვნის  კომპანია DDG-ს“, – განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

კომპანია DDG-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა მათ კუთვნილ მანქანაზე მოხდა და თავდახმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ეს ორი დღის მანძილზე „საქართველოს ბანკთან“ დაკავშირებული უკვე მეორე შემთხვევაა.

გუშინ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ზუგდიდში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე. შეიარაღებულმა პირმა 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებმა დამნაშავეს ფული გადასცეს. შედეგად დამნაშავემ სამი მძევლისა და ერთი პოლიციელის თანხლებით გვიან ღამით ბანკის შენობა დატოვა. ამჟამად ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი იძებნება.

ყველა ახალი ამბავი
0