მძევლების აყვანის გახმაურებული შემთხვევები საქართველოში

© AP Photo / Zurab Tsertsvadzeსპეცოპერაცია ზუგდიდში
სპეცოპერაცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთელი საქართველო შოკირებულია ზუგდიდში მძევლების აყვანის ფაქტით. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, მაგრამ დამნაშავემ მიმალვა მოახერხა, თან ნახევარი მილიონი დოლარიც გაიყოლა.

21 ოქტომბერს უცნობმა პირმა ზუგდიდში დაახლოებით 40 ადამიანი აიყვანა მძევლად. სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ნიღბიანი დამნაშავე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ხელყუმბარითა და ავტომატით შეიჭრა, მოითხოვა 500 ათასი დოლარი, მანქანა ან ვერტმფრენი, ასევე უსაფრთხოების გარანტია. მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ეს ადამიანი რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა: მძევალი მომხდარს დეტალურად იხსენებს - Sputnik საქართველო
ეს ადამიანი რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა: მძევალი მომხდარს დეტალურად იხსენებს
ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, რომელსაც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობდა, სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებმა დამნაშავეს ფული გადასცეს. შედეგად დამნაშავემ სამი მძევლისა და ერთი პოლიციელის თანხლებით გვიან ღამით ბანკის შენობა დატოვა. ამჟამად ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი იძებნება.

საქართველოში მძევლების აყვანის ყველაზე სისხლიან და გახმაურებულ საქმედ 1983 წელს თვითმფრინავის გატაცება ითვლება. ამ მოვლენაზე არაერთი წიგნი და ფილმიც კი შეიქმნა. 1983 წლის 18 ნოემბერს სსრკ-დან აშშ-ში გაქცევის მიზნით ახალგაზრდებმა მძევლად აიყვანეს Ту-134 თვითმფრინავის მგზავრები. სპეცდანიშნულების რაზმმა თვითმფრინავი შტურმით აიღო. დაიღუპა შვიდი ადამიანი – ორი მფრინავი და ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. 

© AP Photo / Zurab Tsertsvadze„საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილი პირების გათავისუფლების სპეცოპერაცია
მძევლების აყვანის გახმაურებული შემთხვევები საქართველოში - Sputnik საქართველო
„საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილი პირების გათავისუფლების სპეცოპერაცია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მძევლების აყვანის სხვა გახმაურებული ფაქტებიც მოიძებნება. „Sputnik-საქართველო“ მათ ქრონოლოგიას გთავაზობთ.

1998 წლის 19 თებერვალი. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შეიარაღებულმა მხარდამჭერებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში გაეროს ოთხი სამხედრო დამკვირვებელი – შვედეთის, ურუგვაის ორი, ჩეხეთის მოქალაქეები აიყვანეს მძევლად.

გამართული მოლაპარაკებების შედეგად 22 თებერვალს ერთი ურუგვაელი გაათავისუფლეს. დანარჩენი მძევლები 25 თებერვალს ოპოზიციის წარმომადგენლებთან პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შეხვედრის შემდეგ გამოუშვეს. პოლიციამ რვა გამტაცებელი დააკავა.

1999 წლის 9 ივლისი. კოდორის ხეობაში ვერტმფრენი გაიტაცეს და მასში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები და ჟურნალისტები მძევლად აიყვანეს. ვერტმფრენში იმყოფებოდა ასევე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, რომელიც გატაცებიდან მალევე გაათავისუფლეს, ყველა დანარჩენი კი ერთი დღის განმავლობაში გამოუშვეს. გამტაცებლებს ყურადღება არ მიუქცევიათ ტომრებისთვის, რომლებიც ვერტმფრენში ეყარა. ტომრებში ეწყო ფული – რეგიონის დაწესებულებათა თანამშრომლების ნახევარი წლის ხელფასები.

1999 წლის ოქტომბერი. უცნობმა პირებმა გამოსასყიდის მიღების მიზნით გაიტაცეს გაეროს მისიის წევრები – ჩეხეთის, საბერძნეთის, ურუგვაის, შვეიცარიის, შვედეთის მოქალაქეები. მოგვიანებით მძევლები გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლეს.

2000 წლის 1 ივნისი. გაეროს მისიის საპატრულო ჯგუფი მძევლად კოდორის ხეობის პატრულირებისას აიყვანეს. მძევალთა შორის იყვნენ გაეროს მისიის თანამშრომლები – დანიის მოქალაქეები კაი ლაურსენი და ტომას როზენკვისტი, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი ჯონ ვუდვორდი და მთარგმნელი – აფხაზეთის მკვიდრი. მძევლები გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლეს.

2000 წლის ნოემბერი. პანკისის ხეობაში გაიტაცეს ესპანელი ბიზნესმენები ფრანცისკო როდრიგესი და ანტონიო ტრიმილიო. ისინი თითქმის ერთი წელიწადი ჰყავდათ ტყვეობაში პანკისის ხეობის ერთ-ერთ სოფელში და 550 ათასი დოლარის გამოსასყიდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

2001 წლის დეკემბერი. კოდორის ხეობაში გაიტაცეს საბერძნეთისა და პოლონეთის მოქალაქეები. მძევლები გამოსასყიდის გადახდის გარეშე გაათავისუფლეს.

2002 წლის 18 მარტი. კოდორის ხეობაში მძევლად აიყვანეს რუსი სამხედროების ჯგუფი – კაპიტანი სტაროვაროვი, ლეიტენანტები ბელოვი და სტაროვოიტოვი, ასევე რიგითი პოდშივალოვი. ჯგუფი დავალების შესრულებისას გაიტაცეს ჩასაფრებულმა პირებმა, თუმცა ისინი გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლეს.

2002 წლის 18 ივნისი. პანკისის ხეობაში გაიტაცეს ბრიტანელი ბიზნესმენი პიტერ შოუ. მან მძევლად ხუთი თვე დაჰყო. მის გასათავისუფლებლად ქართული სპეცსამსახურების ოპერაციის დროს ორმხრივი სროლა გაიმართა. დაიღუპა ერთი გამტაცებელი.

2003 წლის ივნისი. კოდორის ხეობაში გერმანიის ორი მოქალაქე და დანიის ერთი მოქალაქე გაიტაცეს. მძევლები გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლეს.

2012 წლის 7 აგვისტო. პანკისის ხეობის ტერიტორიაზე შემოაღწია კარგად შეიარაღებულ ბოევიკთა ჯგუფმა. ბოევიკებმა მძევლად აიყვანეს ადგილობრივ მცხოვრებთა სამი ჯგუფი, დაახლოებით ათი ადამიანი. მძევლების გასათავისუფლებლად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა საქართველოს შსს-ს სპეცრაზმის სამი თანამშრომელი და დაიჭრა ხუთი, ამასთან, 11 სავარაუდო ბოევიკი იქნა ლიკვიდირებული. 

ყველა ახალი ამბავი
0