თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ქათმის ფილე ცილის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, რომელიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგად გაუმჯობესებას, წერს დიეტოლოგი სვეტლანა ფუსი თავის ინსტაგრამ-გვერდზე.
მისი თქმით, ცილა ორგანიზმის მთავარი საშენი მასალაა.
„ცილები იხლიჩება ამინომჟავებად, რომლებიც კუნთების, კანის, ძვლების, მყესების, ხრტილების, სისხლის ელემენტების, ტვინისა და ყველა სხვა ქსოვილის შესაქმნელი „აგურებია“. ნებისმიერი ამინომჟავის დეფიციტის დროს ჩვენს იმუნურ უჯრედებს, რომლებიც იმუნოგლობულინების სინთეზირებას ახდენს, უბრალოდ არ შეუძლიათ ნორმალური იმუნოგლობულინების შენება, თანაც იმუნური პასუხისთვის საჭირო რაოდენობით“, — განმარტა ექსპერტმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ იმუნიტეტზე განსაკუთრებით დამღუპველ ზემოქმედებას ახდენს ისეთი შეუცვლელი ამინომჟავების დეფიციტი, როგორებიცაა: ტრიპტოფანი, ლეიცინი, იზოლეიცინი, ვალინი, ტრეონინი, ლიზინი, მეთიონინი, ფენილალანინი.
სვეტლანა ფუსი განმარტავს, რომ ადამიანმა, რომელიც 70 კგ-ს იწონის, დღეში დაახლოებით 50 გრამი ცხოველური პროტეინი უნდა მიიღოს.
„ქათმის ხორცი შეიცავს 18-დან 25 გრამამდე ამინომჟავების შემადგენლობით სრულფასოვან ცილას. მის მაქსიმალურ რაოდენობას ქათმის ფილე უზრუნველყოფს. მხოლოდ 100 გრამის მოხმარებით ჩვენ პრაქტიკულად იმის ნახევარს მივიღებთ, რაც ერთ დღეში გვჭირდება“, — დაასკვნა სვეტლანა ფუსმა.
მანამდე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წიწიბურის მოხმარება მნიშვნელოვნად ზრდის „დღეგრძელობის ცილის“ — SIRT1-ის დონეს და ასევე აქვს მთელი რიგი პოზიტიური ეფექტები.