თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი, მომავალი კვირიდან დროებით მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიფინგზე.
კერძოდ, აღნიშნული დაწესებულებები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე მომავალი კვირის ოთხშაბათიდან, 28 ოქტომბრიდან გადავლენ.
„საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი, დროებით დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავლენ“, – განაცხადა ჩხენკელმა და დასძინა, რომ ეს აუცილებელია როგორც არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების, ისე სკოლების უსაფრთხოებისთვის.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. მასში მონაწილეობს 48 პარტია და ორი ბლოკი. ამომრჩეველი აირჩევს 150 დეპუტატს – 120-ს პროპორციული და 30-ს – მაჟორიტარული სისტემით.