თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა მეჩეთის დახურვა მოითხოვა კომუნა პანტენში, რომლის Facebook-გვერდზეც მანამდე განთავსებული იყო ისლამისტი მამაკაცის მიერ მოკლული მასწავლებლის სამუელ პატის წინააღმდეგ წამქეზებელი ვიდეო.
„მე ვთხოვე სენ-დენის პრეფექტს, დაკეტოს მეჩეთი პანტენში... დღეს ეს მეჩეთი დაიკეტება, დღეს საღამოს პრეფექტი ხელს მოაწერს აკრძალვას“, — განაცხადა დარმანენმა ტელეარხ TF1-ის ეთერში.
მინისტრის განმარტებით, მეჩეთის მმართველმა მანამდე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ადგილობრივი სკოლის მოსწავლის ერთ-ერთი მშობელი მოუწოდებდა ხალხს, დაეშინებინათ ისტორიის პედაგოგი სამუელ პატი.
გარდა ამისა, პოლიციამ დააკავა მეჩეთის იმამიც. სულ მკვლელობის გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის 15 ადამიანია დაკავებული.
16 ოქტომბერს სამუელ პატის ცხედარი თავმოკვეთილი იპოვეს პარიზის მეზობლად მდებარე კომუნა კონფლან-სენტ-ონორინში, სკოლის მახლობლად. როგორც ირკვევა, სამუელ პატიმ მანამდე გაკვეთილებზე სიტყვის თავისუფლებაზე მსჯელობისას წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები წარუდგინა მოსწავლეებს თვალსაჩინო მასალად. მოგვიანებით პოლიციამ დამნაშავე პარიზის მეზობელ კომუნაში მოკლა.
შაბათს საფრანგეთის ანტიტერორისტული პროკურატურის ხელმძღვანელმა ჟან-ფრანსუა რიკარმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი მოსკოვში 2002 წელს დაბადებული წარმოშობით ჩეჩენი მამაკაცი იყო, რომელსაც საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა.
პრეზიდენტმა მაკრონმა მასწავლებელზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ „ისლამისტებს საფრანგეთში მშვიდი ძილი არ ეღირსებათ“.
კვირას პარიზის რესპუბლიკის მოედანზე და ასევე საფრანგეთის სხვა ქალაქებში ხალხმრავალი აქციები გაიმართა სამუელ პატის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელშიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა.