დაპირისპირება აქტივისტებს შორის: შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოწერა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა“ და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 

დაპირისპირება მარნეულში: „ნაცმოძრაობა VS „ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
დაპირისპირება მარნეულში: „ნაცმოძრაობა" VS „ქართული ოცნება"

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის თქმით, მანქანით მიმავალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანთან მას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა გზა ორი მანქანით გადაუჭრეს. მისი მტკიცებით, იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლაც.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ამ საარჩევნო ოლქში ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა ოქრიაშვილმა.

„აქ თავისუფალი არჩევნები არ ტარდება. ქვემო ქართლში არჩევნების ლეგიტიმურად ცნობა ვერ მოხდება. წარმოიდგინეთ, აქ რა ხდება“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა აღნიშნა, რომ მას მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„იმედი მაქვს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ სამართალდამცველი ორგანოები დეტალურად შეისწავლიან აღნიშნულ ფაქტს და მოხდება შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა მეშველიანმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. მასში მონაწილეობს 48 პარტია და ორი ბლოკი. ამომრჩეველი აირჩევს 150 დეპუტატს – 120-ს პროპორციული და 30-ს – მაჟორიტარული სისტემით.

ყველა ახალი ამბავი
0