თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, რა შემთხვევაში ითვლება ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებულის ახლო კონტაქტად.
თენგიზ ცერცვაძე: ბინაზე მყოფ ინფიცირებულებს გარკვეული გამოკვლევები ჩაუტარდებათ >>
ექიმი აცხადებს, რომ დახურულ სივრცეში ინფიცირებულთან 10-15 წუთზე მეტი დროის განმავლობაში ყოფნა, რა დროსაც არ არის დაცული დისტანცია და არც პირბადეა გამოყენებული, კონტაქტად ითვლება და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტის ჩატარებაა საჭირო.
„ეს დაავადება გადადის წვეთოვანი გზით, ამიტომ თუ ახლო კონტაქტი გვაქვს ადამიანთან დახურულ სივრცეში, საუბარია, მეტრნახევარზე უფრო ახლო მანძილზე, არ გვიკეთია პირბადე და კონტაქტი გრძელდება 10-15 წუთზე დიდხანს, ასეთი ადამიანები უკვე ითვლებიან კონტაქტირებულებად და მათთვის მნიშვნელოვანია, თუ სიმპტომები ექნებათ, ჩაიტარონ კვლევები“, – განაცხადა გოგინავამ.
ინფექციონისტის თქმით, თუ პირს ინფიცირებულთან წამიერი კონტაქტი ჰქონდა, ან ორივეს ეკეთათ პირბადე, ამ შემთხვევაში დაინფიცირების რისკი არის მინიმალური.
ექიმმა ასევე მოსახლეობას მიმართა, პანიკას არ აყვნენ და იყვნენ მშვიდად.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე ათასს აჭარბებს, ხოლო ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში დასტურდება.
ლევან რატიანი: „დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება" >>
ბოლო მონაცემებითб საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 18 663-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 8338 ადამიანი, გარდაიცვალა – 143.
ახალი კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.