თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 68 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორისაა ერთი თვის ჩვილი. ამის შესახებ კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ენდელაძის განცხადებით, 68 პაციენტიდან ექვსი ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული, აქედან სამი კი მართვით სუნთქვაზეა. კლინიკაში 15-ზე მეტი მძიმე პაციენტია ჟანგბადამოკიდებული და პნევმონიით.
„პაციენტების უმეტესობის ზოგადი მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა. გვყავს ასევე ერთი თვის ბავშვიც, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“, – განაცხადა ენდელაძემ.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი კიდევ 1 186 ადამიანს გამოუვლინდა. 278 გამოჯანმრთელდა, ხოლო შვიდი გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ ინფიცირებულია 18663 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 8338, გარდაიცვალა – 143, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.