თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდგინდა.
აღნიშნული ინფორმაცია დეპუტატმა საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა და მოსახლეობას ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
„კოვიდდადებითთა სიას მეც შევუერთდი, პასუხი დღეს მოვიდა. ახლა ყველაზე მეტად ჩემს ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება. ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელიც ყველას უნდა გვახსოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვცდილობდი ფრთხილად ვყოფილიყავი, ფაქტია, რომ ძალიან ვერაგი ვირუსია. კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოვიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებსა და ირგვლივ მყოფ ადამიანებს“, – დაწერა ნინო წილოსანმა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1186-ით გაიზარდა და საერთო რაოდენობამ 18663-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8338 ადამიანი, გარდაიცვალა – 143, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.