თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო ვოკალური კონკურსის Ты супер! მეოთხე სეზონის მონაწილე თბილისიდან, 15 წლის მარიამ ბონდარენკო წარმატებულად წარდგა პროექტში და ნახევარფინალში გადავიდა.
მარიამმა შეასრულა რიანას სიმღერა Diamonds. ეს გოგონასთვის პირველი გამოსვლა იყო სცენაზე, აქამდე მას არასდროს უმღერია მაყურებლისა და ჟიურის წინაშე.
ჟიურის ოთხივე წევრმა – იგორ კრუტოიმ, დიანა არბენინამ, ალექსეი ვორობიოვმა და იოლკამ მწვანე ღილაკს დააჭირეს ხელი.
პროექტის წამყვანმა ვლადიმირ ტაკმენევმა მოისურვა ქართული სიმღერების დახმარებით საქართველოში აღმოჩენილიყო და მარიამს ქართული სიმღერის შესრულება სთხოვა. მარიამმა შეასრულა ნაწყვეტი სიმღერიდან „იაგუნდი“.
იოლკას თქმით, ის ორივე სიმღერაში ჩაიძირა და დარწმუნებულია, რომ მარიამი მას მომავალშიც გააოცებს.
„მე პირველი სიმღერის დროსაც ჩავიძირე იმიტომ, რომ ეს ის ნადვილი ცეცხლია, ის ტემპერამენტი... დარწმუნებული ვარ, რომ შენ კიდევ გამაკვირვებ და გადამივლი ამ ცეცხლით, ამ ქარიზმით“, – თქვა იოლკამ.
იგორ კრუტოიმ აღნიშნა, რომ დაიბადო საქართველოში – დიდი ბედნიერებაა, რადგან იქ ყველა მღერის.
„ბედნიერებაა – დაიბადო საქართველოში, და რთულიცაა დაიბადო საქართველოში, რადგან საქართველოში ყველა მღერის და მაგრადაც მღერის. შენ გაქვს ტემბრი, შენ გაქვს ემოციები, და შენ გაქვს რაღაცნაირი ენერგეტიკა“, – აღნიშნა კრუტოიმ.
შოუს ბოლოს სწორედ კრუტოიმ დაასახელა მარიამ ბონდარენკო თავის ფავორიტად და, შესაბამისად, კონკურსის მომდევნო ტურში გადაიყვანა.
ალექსეი ვორობიოვმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მარიამი სცენისთვისაა დაბადებული.
„ჟიურის ოთხივე წევრმა, ჩვენ, ყველამ ვიცით, რას ნიშნავს პირველად გამოხვიდე სცენაზე. ეს ისეთი ამაღელვებელია – გამოხვიდე სცენაზე პირველად, როდესაც კამერებია, მაყურებელი, და კიდევ ვიღაც გაფასებს... და ასე იმუშაო, როგორც ეს შენ გააკეთე, ასე თავისუფლად იმოძრაო... ეს ნიშნავს, რომ ეს შენი ადგილია ცხოვრებაში და შენ ამ ადგილზე უნდა იყო“, – მიმართა ვორობიოვმა მარიამს.
დიანა არბენინამ აღნიშნა გოგონას ცეცხლოვანი ტემპერამენტი და განაცხადა, რომ მისი ეს თვისებები დაეხმარება მას გახდეს მომღერალი, თუ ის ამ პროფესიის არჩევას მოისურვებს.
„შენში არის ისეთი ვნებიანი, ცეცხლოვანი ტემპერამენტი და მთლიანად გახსნილი, ღია გული, რომ ეს დაგეხმარება გამოხვიდე მომღერალი, თუ მოისურვებ“, – აღნიშნა არბენინამ.
საერთაშორისო ვოკალური კონკურსი Ты супер! მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ნიჭიერ ბავშვებს აძლევს შანსს, წარმოაჩინონ თავი და დაიპყრონ დიდი სცენა. ახალ სეზონში 58 ბავშვი მონაწილეობს ცხრა ქვეყნიდან, რომლებიც სკოლა–ინტერნატებში, ბავშვთა სახლებსა თუ მიმღებ ოჯახებში ცხოვრობენ. საერთაშორისო კონკურსი Ты супер! ტარდება საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო Sputnik-ის მხარდაჭერით.