თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კვლევითმა კომპანია Survation-მა ტელეკომპანია Rustavi2-ის დაკვეთით ქართველ ამომრჩევლებს შორის მასშტაბური კვლევა ჩაატარა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 50 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა - 120 აირჩევა პროპორციული სისტემით და 30 - მაჟორიტარულით.
კითხვაზე „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“, გამოკითხულებმა ასე უპასუხეს:
- „ქართული ოცნება“ - 55,6%
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 19,8%
- „ევროპული საქართველო“ - 5,2%
- „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 5,1%
- „პატრიოტთა ალიანსი“ - 3,8%
- „ლელო“ - 3,1%
- ლეიბორისტული პარტია - 2,7%
- „გირჩი“ - 2,1%
- „ერთიანი საქართველო“ - 1,1%
- „თავისუფალი დემოკრატები“ - 0,2%
- სხვა პარტიები - 1,3%
გამოკითხულთა 68% სრულიად დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილებას არ შეიცვლის და სწორედ მის მიერ დასახელებულ პარტიას დაუჭერს მხარს.
არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს გამოკითხულთა 72%, „ალბათ“ მიიღებს მონაწილეობას - 13%, 11%-მა უპასუხა „50/50", ხოლო არჩევნებზე წასვლას არ აპირებს 4%.
კვლევა 12-29 სექტემბერს ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 9075 რესპონდენტი. კვლევის ცდომილება 1,3%-ს შეადგენს.
კომპანია Survation თანამშრომლობს ისეთ წამყვან მედია ბრენდებთან, როგორებიცაა BBC და Guardian.