თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი ჰიბრიდული მოდელით გაგრძელდება, ნათქვამია უმაღლესი სასწავლო დაწესებულების Facebook-გვერდზე.
სწავლის ჰიბრიდული ფორმა შემდეგს გულისხმობს:
- კოვიდ-კლინიკებში დისლოცირებულ სასწავლო დეპარტამენტებში 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში;
- სალექციო კურსები და უახლოეს კვირებში დანიშნული გამოცდები დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება;
- ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობების არადისტანციურ რეჟიმში ჩატარდება, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური რეგულაციების დაცვით.
რაც შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც ვერ შეძლებენ არადისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას, დეკანატების მიერ მათთვის შედგენილი იქნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, აცხადებენ უნივერსიტეტში.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები 19 ოქტომბრიდან ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს აუდიტორიებში ჩაატარებენ. რაც შეეხება სწავლის თეორიულ ნაწილს, აღნიშნულ ქალაქებში ისინი დისტანციურად ჩატარდება. უნივერსიტეტები სტუდენტებს თავად მიაწვდიან ინფორმაციას სასწავლო პროცესის განრიგის შესახებ. რაც შეეხება აჭარას, რეგიონში უნივერსიტეტები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაახლებენ. გორში, თელავსა და ახალციხეში უნივერსიტეტები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.
უკვე ცნობილია, რომ სწავლის ჰიბრიდული მოდელი თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც აირჩია.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 19 ოქტომბრიდან სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლების აუდიტორიებს ეტაპობრივად დაუბრუნდებიან.
სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში კორონავირუით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება – დღეს 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.