თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. ვარკეთილში, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, წლის ბოლომდე, საცხოვრებელ ბინებს სხვადასხვა ლოკაციაზე 600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, რის შედეგადაც თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სრულად შეასრულებს.
აბაშვილის ქუჩაზე მშენებლობის პროცესი თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა. მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე.
ვარკეთილში სამხედრო ქალაქში N13 და N15 კორპუსების მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. ამ დროისთვის კი ორივე კორპუსში შიდა საინჟინრო-საკომუნიკაციო, გადატიხვრისა და ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
კორპუსები ასევე აღჭურვილი იქნება სამგზავრო და სატვირთო ლიფტებით, ასევე ადგილზე გამწვანდება და მოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.
შეგახსენებთ, 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის N135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის საფუძველზე თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინა, სახელმწიფოსგან საკუთრებაში 1374 პირს გადაეცა.