თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში I-VI კლასების 130 ათასი მოსწავლიდან დაახლოებით 10 ათასმა მოსწავლემ სწავლის დისტანციური რეჟიმი აირჩია, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ.
განათლების სამინისტრომ დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლებს არჩევანის საშუალება მისცა – ბავშვები სკოლაში ივლიდნენ ან ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებდნენ სწავლას. მეშვიდე და უფროსი კლასების მოსწავლეები დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ.
საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში, სადაც სკოლებში სწავლა 1 ოქტომბრიდან განახლდა, 132 422 მოსწავლეა დაფიქსირებული.
ქვეყანაში ეპიდვითარების გართულების გამო აღნიშნული ქალაქების 20 სკოლა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე სრულად გადავიდა. გარდა ამისა, დისტანციურად სწავლობენ ამ ქალაქებში არსებული 55 სკოლის ცალკეული კლასები.
„ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ, თუ როგორ ემზადებოდა განათლების სისტემა მოსწავლეების კლასებში დასაბრუნებლად და ამ მიმართულებით როგორი დიდი სამუშაო ჩაატარა განათლების სამინისტრომ სხვა უწყებებთან ერთად. ასე რომ, იმ სკოლებში, რომლებშიც ინფიცირების ფაქტები დასტურდება, მომენტალურად წესდება წერტილოვანი შეზღუდვები“, – განაცხადა დგებუაძემ.
მსგავს შემთხვევებში სკოლები უკავშირდებიან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და მათი რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ. სკოლებში ტარდება დეზინფექცია, აუცილებლობის შემთხვევაში პედაგოგები და მოსწავლეები თვითიზოლაციაში გადადიან, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.
„ინფიცირების ფაქტები გამოვლენილია მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ სისტემა ამ პროცესს უმკლავდება და განათლებაზე ხელმისაწვდომობა ყველა მოსწავლისთვის გარანტირებულია“, – დასძინა დგებუაძემ.
რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხოებას, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით სასწავლო წლის დაწყების წინ განათლების სამინისტრომ ყველა სკოლა უზრუნველყო პირბადეებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებით და სადეზინფექციო ხსნარებით.