თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოდან იტალიისა და საბერძნეთის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა, ნათქვამია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებაში.
თბილისიდან ათენში თვითმფრინავი 23 ოქტომბერს გაფრინდება, რომში კი ავიარეისი 25 ოქტომბერს შესრულდება.
„ვიზის, მოწვევის ან ბინადრობის უფლების მქონე პირებისთვის იტალიასა და საბერძნეთში გასამგზავრებლად სავალდებულოა სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა და სამოგზაურო დაზღვევის წარდგენა“, – ნათქვამია თბილისის აეროპორტის განცხადებაში.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, საზღვრები ჩაკეტა და ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა შეაჩერა.
საქართველოს მთავრობამ რამდენჯერმე გადაავადა რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლის განახლების თარიღი. ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 1 ნოემბრამდე იქნება ძალაში.
თბილისიდან გამონაკლისის სახით ამ დროისთვის ხორციელდება რეგულარული ფრენები მიუნხენში, პარიზსა და რიგაში. თბილისმა ქვეყანაში შემოსვლის უპირობო უფლება მისცა ხუთი ქვეყნის – გერმანიის, საფრანგეთის, ლატვის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს. საქართველოში დაბრუნებული თანამემამულეებისთვის კარანტინის გავლა აუცილებელი პირობაა.