თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა დავით–გარეჯის საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მელაშვილის ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის თქმით, მოსამართლე პაატა სილაგაძემ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.
ცნობილია, რომ ილიჩოვა და მელაშვილი ბრალს არ აღიარებენ.
მელაშვილმა მათ, ვინც მას ბრალს სდებს, დილეტანტები უწოდა და აღნიშნა, რომ საზღვრის დელიმიტაციის კომისიაში მუშაობისას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
ილიჩოვამ კი, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რუკა, რომელიც მის სახლში იპოვეს, დათარიღებულია არა 1938 არამედ 1936 წლით და მისი გამოყენება არ შეიძლებოდა, რამდენადაც ასე საქართველოს საკუთარი ტერიტორიების დაკარგვა შეეძლო.
საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.
პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.