თბილისი, 15 ოქტომბერი - Sputnik. თბილისის 14 საბავშვო ბაღში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, განაცხადა საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.
მისი ინფორმაციით, 14 ინფიცირებულიდან 12 მათგანი თანამშრომელია, ორი კი - საბავშვო ბაღების აღსაზრდელი. იმ შემთხვევაში, თუ საბავშვო ბაღში ინფიცირების თუნდაც ერთი შემთხვევა დაფიქსირდება, დაწესებულება იხურება.
„უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცულია ყველა საბავშვო ბაღში. ჩვენ ვასრულებთ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას. დასწრება მცირეა, მაგრამ მშობლებს ბავშვები ბაღებში დაჰყავთ ჩვეულებრივად. ორშაბათს ოთხი საბავშვო ბაღი არ გავხსენით, ხოლო მას შემდეგ 10 დავხურეთ. როდესაც თანამშრომელს ან აღსაზრდელს კოვიდინფექცია უფიქსირდება, ჩვენ 112-ს ვუკავშირდებით და ბაღი იხურება“, - განუცხადა გვანცელაძემ ჟურნალისტებს.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ჩამოთვალა ის ბაღები, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა. ესენია: №36, №99, №89, №53, №4, №29, №153, №35, №16, №21, №72, №93, №190 საბავშვო ბაღები და ბაღი „ხუთკუნჭულა“.
თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს დაიწყო.
ახალი წესების თანახმად, მშობლები საბავშვო ბაღში მისვლისას დაინახავენ სტიკერებს, რომლებიც მიუთითებენ, სად უნდა იდგნენ ისინი შვილებთან ერთად. სტიკერებზე მითითებული ციფრებით შეიძლება ასაკობრივი კატეგორიის ჯგუფების განსაზღვრა: ორიდან სამ წლამდე, სამიდან ოთხ წლამდე, ოთხიდან ხუთ და ხუთიდან ექვს წლამდე.
მშობლები უნდა იდგნენ სწორედ იმ ადგილზე, რომელზეც ბავშვის ასაკია მითითებული. ამის შემდეგ ხალათით, ნიღბითა და ხელთათმანებით აღჭურვილი აღმზრდელი შენობიდან გამოვა და ბავშვს წაიყვანს. შემდეგ აღსაზრდელს გაუზომავენ სიცხეს და შეიყვანენ შენობაში.
თუ ბავშვს ტემპერატურა აღმოაჩნდება, მშობელს 112-ში დარეკვას ურჩევენ. ხოლო თუ ტემპერატურა დღის განმავლობაში მოიმატებს, აღმზრდელი მას ე.წ. საიზოლაციო ოთახში მედდასთან გადაიყვანს, რომელიც სპეციალურად არის ეკიპირებული. იქ ბავშვი მშობლებს დაელოდება. მათი დაგვიანების შემთხვევაში 112-ს საბავშვო ბაღი დაუკავშირდება. ყველა ინდივიდუალური შემთხვევა ცალ-ცალკე განიხილება.
თბილისის საბავშვო ბაღებში ყოველ ორ საათში ერთხელ განიავდება ოთახები, აღმზრდელები კი მთელი დღის განმავლობაში ნიღბებით იმუშავებენ. წესების ახალ ჩამონათვალში შეიცვალა საბავშვო ბაღებში სათამაშოების გამოყენების პირობებიც. კერძოდ, დაუშვებელია ისეთი სათამაშოების გამოყენება, რომელთა დეზინფექცია ან გარეცხვა შეუძლებელია.