თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. დღეს არაა იმის საჭიროება, რომ სკოლებში სწავლის პროცესისადმი მიდგომა გადაიხედოს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.
საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტები საქართველოს მასშტაბით უკვე არაერთ სკოლაში დაფიქსირდა.
ტიკარიძის განცხადებით, მთავრობას ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ სკოლებში კოვიდინფიცირების ფაქტები დადასტურებოდა.
„გვქონდა გეგმა, სწავლა ჯერ დაწყებულიყო დაწყებით კლასებში და შემდეგ მაღალი კლასები ჩაგვერთო. მივიჩნევთ, რომ მართვა სწორი და ეფექტურია, რადგან ინფიცირების შემთხვევები დროულად ვლინდება. შრომის ინსპექციაც აქტიურად მუშაობს და ეპიდემიოლოგები დროულად ახორციელებენ საჭირო ღონისძიებებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო.
პირველი ოქტომბრიდან დიდ ქალაქებში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეების ნაწილი საკლასო ოთახებში სწავლას დაუბრუნდა, ხოლო VII–XII კლასების მოსწავლეებისთვის სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდა.
შეზღუდვები უცვლელი დარჩა აჭარისა და სხვა რეგიონების იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები დადასტურდა.
მოქმედი რეგულაციებით, რომელიმე სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ყველა პედაგოგი და მოსწავლე თვითიზოლაციაში გადადის, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 867 ადამიანი, გარდაიცვალა 102 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.