თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით დედა-შვილი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს თანხების მოტყუებით მითვისებისა და ნდობის მოპოვების მიზნით ეცნობოდნენ როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები.
ისინი 30-ზე მეტ მოქალაქეს სოციალურად დაუცველისა და დევნილის სტატუსის მოპოვებაში, ასევე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასა და ბინებით უზრუნველყოფაში დახმარებას დაჰპირდნენ. დაკავებულებმა თითოეულ მოქალაქეს მოტყუებით გამოართვეს და მიითვისეს 2 ათასიდან 10 ათას დოლარამდე ოდენობის თანხა. გარდა ამისა, ბრალდებულებმა, თითქოსდა მისაღებ საცხოვრებელ ფართებში ავეჯის განთავსების სანაცვლოდ, ამავე მოქალაქეებისგან დამატებით მიითვისეს 500-500 ლარი.
ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის დაუფლებით მიზნით ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.