თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. COVID-19-ის მკურნალობის გაიდლაინი არსებული მონაცემებისა და თანამედროვე მიდგომების შესაბამისად განახლდა და ის მოგვიანებით გამოქვეყნდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დღეს ჯანდაცვის სამინისტროში რეანიმატოლოგების, ინფექციონისტებისა და სხვა წამყვანი სპეციალისტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასეს და რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს.
ცერცვაძის ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება ხუთი მობილური ჯგუფის/ბრიგადის შექმნაზე, რომლებიც კოვიდ-კლინიკებში იმუშავებენ. ჯგუფის შემადგენლობაში შევა ინფექციონისტი, წამყვანი რეანიმატოლოგი და სამინისტროს წარმომადგენელი ოფიციალური პირი. გარდა ამისა, ორ ჯგუფში დამატებულია რამდენიმე პრაქტიკოსი ექიმი, რომლებსაც „კოვიდის“ მართვის გამოცდილება აქვთ. ხუთი მობილური ჯგუფიდან ერთი გაემართება აჭარაში, ერთი – იმერეთში, სამი კი თბილისში იმუშავებს.
„ამ ჯგუფს ექნება შერეული ფუნქცია. ერთი – ის გააკეთებს აუდიტს, შეაფასებს ამა თუ იმ კლინიკის ყველა ძლიერ და სუსტ მხარეს, გააკეთებს ანალიზს. შემდეგ სამინისტრო მოახდენს რეაგირებას, სად რა რგოლი გააძლიეროს. მეორე – ის არ შემოიფარგლება მარტო აუდიტის ფუნქციით, არამედ ადგილზე გაუწევს პრაქტიკულ დახმარებას, რადგან ამ ჯგუფის წევრები არიან პრაქტიკოსი ექიმები უდიდესი გამოცდილებით“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მსგავსი მობილური ჯგუფების შექმნის წინაპირობა ბოლო 2-3 კვირის მანძილზე შემთხვევებისა და სიკვდილიანობის ზრდამ გააჩინა.
„ამაზე საჭიროა მყისიერი საპასუხო ზომები, რომლისკენაც პირველი სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. იმედი მაქვს, საქართველო შედეგს სულ რაღაც ერთ კვირაში იგრძნობს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. ახალი შემთხვევების უმეტესობა აჭარასა და თბილისზე მოდის, სადაც შემთხვევების რაოდენობა სამნიშნა რიცხვებით გამოიხატება.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 867 ადამიანი, გარდაიცვალა 102 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.