თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ ქართული ოპოზიციის რიგებში განხეთქილება ტელეარხ HBO-ს ბოლო ათწლეულის ყველაზე პოპულარულ სერიალ „სამეფო კარის თამაშებს“ შეადარა.
უგულავამ საკუთარ Facebook–გვერდზე ექვსწუთიანი ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელშიც საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სერიალის ერთ-ერთ მთავარ უარყოფით გმირს, დედოფალ სერსეი ლანისტერს შეადარა. სააკაშვილმა თითქოს ზურგიდან მიაყენა დარტყმა ოპოზიციას, როგორც სერსეიმ, რომელმაც არ მოისურვა „თეთრ მიცვალებულებთან“ ბრძოლაში დეიენერის ტარგარიენთან და ჯონ სნოუსთან გაერთიანება და გვირგვინის დათმობა.
უგულავას არც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დავიწყებია.
„მერაბიშვილმა გააღვივა სააკაშვილის ამბიციები, დაარწმუნა ის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში დამოუკიდებლადაც შეძლებს გამარჯვებას და რომ სააკაშვილი უნდა იყოს ოპოზიციის კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე. სააკაშვილი მოქმედებდა, როგორც სერსეი ლანისტერი და ოპოზიციურ კოალიციას ზურგიდან მიაყენა დარტყმა“, - აღნიშნა უგულავამ.
„ევროპელებმა“ განაცხადეს, რომ კოალიციაში არა მხოლოდ მმართველ პარტიასთან, არამედ ექს–პრეზიდენტ სააკაშვილთანაც არ გაერთიანდებიან, თუ ეს უკანასკნელი პრემიერობის კანდიდატი იქნება. ყოფილი მოკავშირეები საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებენ „ანტიოპოზიციურ პროპაგანდაში“, საკუთარ თავს კი „ვარდების რევოლუციის მემკვიდრეებად“ მოიხსენიებენ.
„სააკაშვილმა და მერაბიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავის სავაჭრო სახლად (trading house) გადააქციეს“, - აღნიშნა უგულავამ და დასძინა, რომ მონსტრთან ბრძოლაში (იგულისხმება ივანიშვილი) სააკაშვილი თავად გადაიქცა მონსტრად.
თბილისის ყოფილი მერის სიტყვებით, „ევროპელებს“ საპარლამენტო არჩევნებზე შემდეგი მიზნები აქვთ დასახული: „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე აიღოს 40%-ზე ნაკლები, ხოლო ოპოზიციურმა პარტიებმა - მეტი ხმა, ვიდრე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, და შექმნან კოალიციური მთავრობა სააკაშვილის გარეშე.
უგულავა დარწმუნებულია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ბევრი „ჭეშმარიტი პატრიოტი“ დაეთანხმება მის მოსაზრებას.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია და ორი ბლოკი მიიღებს. მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს – 120 პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით.