საქართველო–სომხეთის მატჩი ფრედ დასრულდა

© REUTERS / IRAKLI GEDENIDZEსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ უეფას ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებს არც ერთი მატჩი არ წაუგია. ვლადიმირ ვაისის გუნდს ჩატარებულ ათ მატჩში შვიდი მოგება და სამი ფრე აქვს.

თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ეროვნული ნაკრებების მატჩი, რომელიც უეფას ერთა ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშების ფარგლებში პოლონეთის ქალაქ ტიხში გაიმართა, დასრულდა ფრედ, ანგარიშით 2:2.

შეხვედრა ერევანში უნდა გამართულიყო, მაგრამ ყარაბაღთან დაკავშირებული მოვლენების გამო უეფამ მისი ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება გადაწყვიტა.

ნომინალურმა მასპინძლებმა ანგარიში პირველ ტაიმში, მე-6 წუთზე გახსნეს. გიორგი მაკარიძის კარში გოლი ხორენ ბაირამიანმა გაიტანა.

გაშვებული გოლის შემდეგ საქართვეელოს ნაკრების ფეხბურთელებმა მთლიანად აიღეს თამაშის ინიციატივა ხელში და მათ რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდათ ანგარიშის არა მარტო გასათანაბრებლად, წინ გასასვლელადაც. თუმცა, მატჩის პირველ ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა. 

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ საქართველომ მოიგო, ოქრიაშვილი ემოციებს ვერ მალავდა - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის ფინალშია! ბელარუსთან მატჩის საუკეთესო ფოტოები

ტაბლოზე ანგარიში მეორე ტაიმის პირველივე წუთზე შეიცვალა. ლევან შენგელიას მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი წარმატებით გამოიყენა ნიკა კაჭარავამ, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა.

საქართველოს ნაკრები მატჩის 74-ე წუთზე მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე ოქრიაშვილმა დააწინაურა.

თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა ვერ შეძლეს – მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე სომხეთის გუნდმა პენალტის უფლება მოიპოვა. 11-მეტრიანი დარტყმა ჰენრიკ მხითარიანმა წარმატებით გამოიყენა და ანგარიშიც გათანაბრდა.

აღსანიშნავია, რომ უეფას ერთა ლიგაზე ორი სეზონის მანძილზე ასპარეზობისას საქართველოს ნაკრებს არც ერთი მატჩი არ წაუგია. ვლადიმირ ვაისის გუნდს ჩატარებულ ათ მატჩში შვიდი მოგება და სამი ფრე აქვს.

მიმდინარე სეზონის გათამაშებაში სამი ჩატარებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივში ხუთი ქულაა. ამდენივე ქულა აქვს ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდს, რომელმაც დღეს ესტონეთთან გასვლითი მატჩი ფრედ, ანგარიშით 3:3 დაასრულა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო გასვლით მატჩს 14 ოქტომბერს გამართავს ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდის წინააღმდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0