თბილისი, 11 ოქტომბერი - sputnik. მაშველებმა 5-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად დაკარგული მამაკაცის ცხედარი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
61 წლის მამაკაცი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სქურის მიმართულებით 6 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ტყეში მთის მოცვის საკრეფად იყო წასული, სავარაუდოდ, მას მოცვის კრეფისას ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა.
მაშველები წალენჯიხაში დაკარგულ მამაკაცს ვერტმფრენით ეძებენ: ვრცელდება ვიდეო>>
სამაშველო-საძიებო სამუშაოებში შეტყობინების მიღებისთანავე ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაზე, მიტოვებულ ქოხში იპოვეს და საძიებო ოპერაცია მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს.
მაშველები დაკარგულ მამაკაცს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. სამაშველო-საძიებო ოპერაციაში ჩართული იყო 15-კაციანი ჯგუფი და დრონი, ასევე საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიური სამსახური, დღეს პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.