გერმანელები (ალბათ ისევე, როგორც სხვა ხალხები) ნაგავს პირდაპირ ღობის იქით, ან სადაც მოუხერხდებოდათ, იქ ყრიდნენ. ამ ნაგავში შედიოდა როგორც საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ისე დაღუპული პირუტყვი, შინაური ცხოველები, ძვლები და ა.შ. მოკლედ, ყველაფერი. ადგილი ჰქონდა ანტისანიტარიას, ვრცელდებოდა დაავადებები და, რა თქმა უნდა, იდგა საშინელი მყრალი სუნი.
XV საუკუნეში ვიურტემბერგის (გერმანიის ისტორიული მხარე სამხრეთ-დასავლეთში, მიეკუთვნება შვაბიას) გრაფს ყელში ამოუვიდა ეს სიმყრალე და გამოსცა ბრძანებები, რომ საქონლისა და ადამიანების ფეკალიები უნდა გაეტანათ გარეუბანში ან მდინარეზე, თანაც — ღამით. ამ ბრძანებების შესახებ, რა თქმა უნდა, დაივიწყეს, რადგან მისი შესრულების შემოწმება არარეალური იყო.
მაშინ გრაფმა ახალი ბრძანება გამოსცა, რომლის შედეგად შვაბიის ქალაქები თვალშისაცემად გასუფთავდა. ბრძანების არსი ასეთი იყო: თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს მეზობელს ერთი-ორი კვირა არ გააქვს ნაგავი და ამის შესახებ არ განაცხადეთ, დაისჯება არა მხოლოდ თქვენი მეზობელი, არამედ თქვენც. ხოლო თუ მეზობელი დაასმინეთ, მაშინ უფლება გაქვთ მისი მიწის ნაწილი მიიღოთ. ამის შედეგად ყოველ შაბათს ყველა დემონსტრაციულად და საგულდაგულოდ წმენდდა ნაგვისგან საკუთარ ეზოსა და მის წინ ტერიტორიას, რადგან დასმენისა და დასჯის ეშინოდა.
რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, დასმენის დაძალების განხილვა შეიძლება, როგორც პიროვნების თავისუფლებაზე ძალადობა, მაგრამ, მეორე მხრივ, შვაბებმა სოფლებსა და ქალაქებში მალე დაამყარეს სისუფთავე — შვაბების დიალექტზე არის სპეციალური სიტყვა „კერვოხე“, რომელიც შაბათ დღეს დალაგებას უკავშირდება. შვაბების „კერვოხე“ კი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი გახდა.
იქნებ რამე ბრძანება და კანონი საქართველოშიც აემოქმედებინათ (ქაღალდზე რომ წერია, დაიცავით სისუფთავე, თორემ დაგაჯარიმებთო, ვიცით). ყოველ შემთხვევაში, „დასმენის ინსტიტუტის“ ამუშავება, ტექნიკის არნახული მიღწევების საუკუნეში, ნამდვილად აღარ არის საჭირო.
მივბაძოთ გერმანელებს, მოვუაროთ ჩვენ-ჩვენ ქალაქსა და სოფელს და თუ არ დავგვით ჩვენი ეზოსა და სახლის წინ, ნუ დავანაგვიანებთ მაინც! ამას კი მხოლოდ ერთი რამ შეგვაძლებინებს — ჩვენი ქალაქის, სოფლის, უბნის, ქუჩის სიყვარული.