თბილისი, 11 ოქტომბერი - sputnik. თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღი 12 ოქტომბერს აღსაზრდელებს არ მიიღებს, რის თაობაზეც სკოლამდელი დაწესებულებები სოციალურ ქსელში წერენ.
კერძოდ, მე-100 საბავშვო ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, მათი ერთ-ერთი თანამშრომლის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, მეორე თანამშრომლის შვილი კი კოვიდინფიცირებულის კონტაქტია.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან და ბაღის გახსნა მათი ტესტის პასუხამდე არ იგეგმება.
მსგავს ინფორმაციას ავრცელებს თბილისის 34-ე საბავშვო ბაგა-ბაღიც, რომლის თანამშრომელიც ასევე კოვიდინფიცირებულის კონტაქტია.
გარდა ამისა, სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი გადაიდო თბილისის 23-ე, 171-ე და 111-ე საბავშვო ბაღებში.
ამ დროისთვის აღნიშნულ საკითხზე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განცხადება არ გაკეთებულა.
საბავშვო ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი 14 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების გართულების გამო, ხელისუფლებამ ბაღების გახსნა ჯერ 1 ოქტომბრამდე, შემდეგ კი 12 ოქტომბრამდე გადადო.