თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი დედის მკვლელობის საქმეს სასამართლო საეჭვოდ აჭიანურებს.
მახალდიანს არ უნდა დაიჯეროს, რომ შესაძლოა მკვლელი სათანადოდ არ დაისაჯოს.
თიკა მახალდიანის დედა 19 აპრილს, საღამოს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარმა ტრაგედიამ შეიწირა. სხვა კორპუსიდან გასროლილ ბრმა ტყვიას საკუთარ სახლში მყოფი 50 წლის თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა. ის მე-8 სართულზე მდებარე ბინაში ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ტყვიამ მისი ფანჯარა ჩაამსხვრია და ქალს თავის არეში მოხვდა.
ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარი სახლის აივნიდან რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელმაც 19 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე ბრმა ტყვიით მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრები ქალი იმსხვერპლა, მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, მას წარდგენილი აქვს მკვლელობის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.