თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში თბილისში მაჩვენებლები საგრძნობლად გაიზარდა. დღეს გამოვლენილი 527 ახალი შემთხვევიდან 179 სწორედ დედაქალაქს უკავშირდება.
გამყრელიძემ იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 12 ოქტომბრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღება.
„შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებებს, რა მასშტაბის, როგორი და ა.შ. იღებს საკოორდინაციო საბჭო. წერტილოვანი შეზღუდვები რა თქმა უნდა, ხორციელდება. რაც შეეხება, ფართომასშტაბიან ღონისძიებებს, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. რა ტიპის იქნება ეს შემზღუდავი ღონისძიებები ან იქნება თუ არა, ამაზე გადაწყვეტილება იმედი მაქვს, მიღებული იქნება ორშაბათს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე და ყველასთვის გახდება ცნობილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 527-ით გაიზარდა და 10752-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5866 ადამიანი, გარდაიცვალა 72. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5971, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.