სისტემა С-500 „პრომეთეს“ გამოცდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პოლიგონებზე მალე დასრულდება. რაკეტების საცდელმა გაშვებამ დაადასტურა გაცხადებული მახასიათებლები და კომპლექსი მზადაა სერიული წარმოებისთვის. საცდელი ექსპლუატაციის შემდეგ დაიწყება ჯარისთვის მისი მასობრივი მიწოდება. უცხოელ შემკვეთთა შორის С-300-სა და С-400-ზე მოთხოვნილება იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ საერთაშორისო ბაზარზე С-500 ასევე წარმატებით გაიყიდება.
ამერიკულმა ანალიტიკურმა გამოცემამ Military Watch უკვე განსაზღვრა „პრომეთეს“ პოტენციურ შემკვეთთა პირველი ხუთეული, რომელშიც მოხვდნენ ალჟირი, ბელარუსი, ჩინეთი, ინდოეთი და ირანი. რატომ მაინცდამაინც ეს ქვეყნები? აშშ-ის და ზოგიერთი დასავლური ქვეყნის მილიტარიზაცია ნატოს წარსული სამხედრო ოპერაციების გამოცდილებაა.
ასეთი პერსპექტივა პლანეტაზე არაერთ მეზობელს აწუხებს (არა მხოლოდ რუსეთსა და ჩინეთს) და აიძულებს მათ, გააძლიერონ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ნაციონალური სისტემები. კანონზომიერად იზრდება უცხოელი შემკვეთების მოთხოვნილება С-300, С-400 და С-500 სისტემებზე, რომელთაც ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ საფრთხეების ფართო სპექტრისთვის ცალ-ცალკე და ერთად.
დამოუკიდებლობის ნიმუშები
ალჟირი შეიარაღების რუსულ სისტემებს ცივი ომის წლებიდან ყიდულობს და დღეს ფლობს შემდეგ ჰაერსაწინააღმდეგო უახლეს სისტემებს: საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირს“ და, ზოგიერთი მონაცემებით, С-400-ს. Military Watch თვლის, რომ ალჟირელმა სპეციალისტებმა განსაკუთრებულად შეაფასეს რუსულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე ხელმისაწვდომობა 2011 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე უმწეო მეზობელ ლიბიაზე ნატოს მასირებული საჰაერო შეტევების ფონზე. ამასთან, დასავლეთი გადადის მეხუთე თაობის გამანადგურებლებისა და, პერსპექტივაში (2020-იანი წლების ბოლოსთვის), ჰიპერბგერითი თვითმფრინავების აქტიურ გამოყენებაზე. მზარდი სამხედრო საფრთხეების კომპენსაციისთვის ალჟირი ობიექტურად არის დაინტერესებული რუსული წარმოების С-500 სისტემებისა და Су-57 თვითმფრინავების შეძენით.
ბელარუსს შედარებით მოკრძალებული თავდაცვითი ბიუჯეტი აქვს, 2020 წელს – დაახლოებით 623 მლნ დოლარი. თუმცა, აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო-პოლიტიკური ტურბულენტობისა და ბელარუსის საზღვრებთან ნატოს ჯარების მზარდი აქტივობის გათვალისწინებით, მინსკს შეუძლია „მეგობრულ“ ფასად С-500 სისტემის მიწოდების იმედი იქონიოს. ბელარუსის მხრიდან „ნატოს ტერიტორიის“ სიღრმეში თვითმფრინავებსა და საავიაციო საშუალებებზე დარტყმის მიყენება რუსეთისთვის სტრატეგიულად ხელსაყრელია.
ჩინეთმა ერთ-ერთმა პირველმა შეიძინა თანამედროვე რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები – საზენიტო-სარაკეტო С-300ПМУ-2, ЗРС С-400, ასევე Су-27 და Су-35 გამანადგურებლებისთვის რაკეტები „ჰაერი-ჰაერი“ Р-77. ჩინელმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს საკუთარი ეფექტური არაერთი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება და მაინც რუსეთი ინარჩუნებს მსოფლიო ლიდერობას საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სისტემების სფეროში. „პრომეთე“, რომელსაც შესწევს უნარი, „მისწვდეს“ სამიზნეს ახლო კოსმოსის საზღვარზე, 100 კმ-ზე მაღლა, რასაკვირველია, ფასეული შენაძენი აღმოჩნდება ჩინეთის სახალხო-გამათავისუფლებელი ჯარისთვის. პეკინში სერიოზულად აფასებენ საფრთხეს ახალი თაობის ამერიკული შეიარაღების სისტემების მხრიდან.
ინდოეთი ათწლეულებია, რუსული შეიარაღების სისტემების, მათ შორის, ЗРС С-400 „ტრიუმფის“ უმსხვილესი შემკვეთია. ნიუ-დელის ძალისხმევა, მიმართული სტრატეგიული რაკეტების შექმნისკენ, ეფექტურად შეიძლება შეივსოს С-500 სისტემებით, რომლებიც შეუცვლელია ცხელ რეგიონში. ინდოეთს არაერთხელ დამუქრებიან ამერიკული ეკონომიკური სანქციებით მაღალი კლასის რუსული შეიარაღების შეძენის შემთხვევაში, მაგრამ ეს არასდროს აკავებდა ნიუ-დელის და, დიდი ალბათობით, არც უახლესი С-500 სისტემის „პრომეთეს“ შეძენაზე იმოქმედებს.
ირანი მნიშვნელოვან ინტერესს ავლენს საბჭოთა და რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიმართ ჯერ კიდევ 1988 წელს ირანი-ერაყის ომის დასრულების შემდეგ. ირანულ არმიას შეიარაღებაში შორი მოქმედების მოდერნიზებული სისტემები აქვს – С-200, ЗРС С-300ПМУ-2. თეირანი ითვლება С-400 „ტრიუმფის“ წამყვან პოტენციურ შემკვეთად. აღნიშნული სისტემა აუცილებელია ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისა და ნატოს „უხილავი“ თვითმფრინავების მზარდი რაოდენობის მოსაგერიებლად. პერსპექტივაში ირანს შეუძლია С-500 „პრომეთეს“ უახლესი სისტემით დაინტერესდეს. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში დასრულდა გაეროს უშიშროების საბჭოს ემბარგოს მოქმედების ვადა თეირანისთვის შეიარაღების მიყიდვაზე და რუსეთი, აშშ-ის მხრიდან ეკონომიკური სანქციების მუქარის შემთხვევაშიც კი, არ აპირებს ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის იარაღის მიწოდებაზე უარის თქმას.
კოსმოსური შესაძლებლობები
С-500 სისტემას ანალოგები არ გააჩნია, რასაც ადგილობრივი და უცხოელი სამხედრო ექსპერტებიც აღიარებენ. აღსანიშნავია, რომ „პრომეთე“ არ ცვლის „ტრიუმფს“ და მისი დანიშნულებაა ექსტრემალურ დისტანციებზე სტრატეგიული სამიზნეების პრიორიტეტული განადგურება.
ამ სამიზნეების განადგურება დაბალ სიმაღლეებზე С-400 სისტემასაც შეუძლია, მაგრამ ჰაერსაწინააღმდეგო-რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ინტეგრირებულ სისტემაში „ტრიუმფი“ უფრო ეფექტურად ანეიტრალებს წვრილ და ნაკლებად ფასეულ ობიექტებს: „უხილავ“ გამანადგურებელს, ტაქტიკურ ბალისტიკურ და ფრთიან რაკეტებს.
შესანიშნავი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები С-500-ის კოსმოსური შეტევისგან თავდაცვის სისტემების პირველი თაობისადმი მიკუთვნების საშუალებას იძლევა. „პრომეთეს“ აქვს მიზანში სროლის 600-კილომეტრიანი რადიუსი და ამ მანძილზე შეუძლია ერთდროულად ათამდე ზებგერითი სამიზნის განადგურება, რომლებიც 25 ათასი კმ/სთ სიჩქარით დაფრინავენ 200 კმ-მდე სიმაღლეზე. ეს მეტად აშფოთებს ამერიკელ სპეციალისტებს, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ, რომ С-500-ის რადარებისთვის F-22, F-35 და B-2 თვითმფრინავები შეუმჩნეველი დარჩება.
აშშ მუშაობს თავდასხმის კოსმოსური საშუალებების შექმნაზე და პერსპექტივაში შეუძლია მათი გამოყენება რუსეთზე პრევენციული დარტყმისათვის ევროპაში განლაგებული სამხედრო ბაზების გამოყენებით. თუმცა სისტემა С-500 „პრომეთე“ ტექნოლოგიურად მნიშვნელოვნად უსწრებს ამერიკულ მოდელებს. აღსანიშნავია, რომ 600 კმ – არის სამიზნის განადგურების ზღვარი, С-500-ს სამიზნის „დანახვა“ გაცილებით უფრო შორს შეუძლია.
მსგავსი ტექნოლოგიები სამხედრო საქმეში შესაძლებელის საზღვრებს აფართოებს. მაგალითად, ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე „პრომეთე“ შეძლებს საჰაერო სივრცის გაკონტროლებას მთელი შავი ზღვის აკვატორიისა და მარმარილოს ზღვის, ასევე ბულგარეთისა და რუმინეთის თავზე. კალინინგრადის ოლქიდან С-500 საბრძოლო ვითარებაში „მიწვდება“ ფრთიან რაკეტებს და F-35 „უხილავ“ საფრენ აპარატებს სკაგერაკის სრუტეში, აუცილებლობის შემთხვევაში კი ბერლინისა და დრეზდენის საჰაერო სამიზნეებს, პოლონეთის საჰაერო სივრცეს, რომ აღარაფერი ითქვას ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის კომპაქტურ სივრცეზე. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, უახლესი С-500 სისტემა არის ფარი, რომელსაც შეუძლია დასავლეთის სამხედრო ოლქის დაცვა.
რუსეთის შეიარაღებული ძალები „პრომეთეს“ პირველ ნიმუშებს 2021 წელს მიიღებენ. საზენიტო-სარაკეტო სისტემები С-500, С-400 და С-300 მოექცევიან საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ერთიან სისტემაში, რომელიც ეფექტურად დაიცავს რუსეთს მრავალგვარი საფრთხისგან და მოსაზღვრე ქვეყნებსა და რეგიონებში სტაბილურობას განამტკიცებს. შემდეგ მოსკოვი მოკავშირეებსა და კეთილ პარტნიორებს ახალ თავდაცვით შესაძლებლობებს გაუზიარებს. „პრომეთეს“ უახლესი სისტემის მიმზიდველობა ეჭვს არ იწვევს, მსგავსი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის არსებობა ქვეყნის ტერიტორიაზე საგრძნობლად „გააგრილებს“ ნებისმიერ აგრესორს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს