თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 348 აჭარას, 99 თბილისს, 59 კი იმერეთს უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან.
6 ოქტომბრის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი, აქედან 209 – აჭარაში.
„ახალი შემთხვევებიდან აჭარაში გამოვლინდა 348, დაახლოებით 63 პროცენტი, თბილისში – 99, იმერეთში – 59, სამეგრელო–ზემო სვანეთში – 19, მცხეთა-მთიანეთში – 10. დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევებია. გამოჩნდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – მხოლოდ ერთი შემთხვევაა, გურიასა და კახეთში – 3-3 შემთხვევა, შიდა ქართლში – ოთხი, ქვემო ქართლში – ერთი, სამცხე-ჯავახეთში – ერთი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 4 358 კოვიდ-ინფიცირებულიდან 55 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
დღეს ინიფიცირებულთა რაოდენობა 549-ით გაიზარდა და 9245-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 4887 ადამიანი, გარდაიცვალა – 58, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5655, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1230 ადამიანი იმყოფება.
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.