თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. მაშველებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი მეათეკლასელი ბიჭის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა იმ ტერიტორიასთან ახლოს იპოვეს, სადაც საცხოვრებელი სახლი მდებარეობდა. მოზარდის მშობლების ცხედრები მაშველებმა გუშინ იპოვეს. ოჯახის სამივე წევრი იმ სახლში იმყოფებოდა, რომელიც 1 ოქტომბერს მეწყერმა წაიღო.
არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოები თითქმის ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გარდა ამისა, მეწყერმა იმსხვერპლა ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი, მათგან ორის ცხედარი მაშველებმა გუშინ იპოვეს, 67 წლის მამაკაცის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.
120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა დაახლოებით 40 ათას ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.
ადგილზე დამატებით მობილიზებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს გამნაღმველები, რომლებიც მეწყრულ მასაში მოყოლილ ავტომობილს ეძებდნენ. ასევე აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან, თბილისიდან.
აჭარაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ 1 ოქტომბერს წყალდიდობა და მეწყრული პროცესები გამოიწვია.