თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. სხეულების ვირტუალური გაცვლა ადამიანების ხასიათსა და თვითაღქმას ცვლის და სერიოზულ გავლენას ახდენს მეხსიერებასა და გარემომცველი რეალობისადმი დამოკიდებულებაზე, აცხადებენ შვედი ნეირობიოლოგები, რომელთა კვლევაც სამეცნიერო ჟურნალ CELL-ში გამოქვეყნდა.
ირკვევა, რომ გასული წლის ოქტომბერში კაროლინის ინსტიტუტის (შვედეთი) მკვლევარებმა უჩვეულო ექსპერიმენტი ჩაატარეს. სამოცდაექვსი მოხალისე წყვილებად დაჰყვეს და სთხოვეს, პასუხები გაეცათ ერთმანეთთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე, ანუ შეეფასებინათ ხასიათი და დაესახელებინათ პიროვნების ძირითადი ნიშნები.
Perception of Our Own Body Influences Self-Concept and Self-Incoherence Impairs Episodic Memoryhttps://t.co/n4tx72DPBI pic.twitter.com/3qfqHev2dh
— dada (@dadababako1966) October 2, 2020
ამის შემდეგ ყველანი წამოაწვინეს. ვიდეოკამერები ზემოდან იღებდნენ მათ და სურათს ექსპერიმენტის მონაწილეთა თავზე დამონტაჟებულ მოწყობილობას გადასცემდნენ, რათა თითოეულს დაენახა, თუ რას უყურებდა მისი პარტნიორი.
ამასთან, ერთ წყვილში მყოფი ადამიანების ფეხებსა და ხელებს პერიოდულად ეხებოდნენ ისე, რომ მათი ვიზუალური და ტაქტილური შეგრძნებები ერთმანეთს დამთხვეოდა. შედეგად, რამდენიმე წუთში ექსპერიმენტის მონაწილეებს სხეულთა გაცვლის მყარი ილუზია დაეუფლათ — როდესაც ერთს იარაღით ემუქრებოდნენ, მეორე მის აცილებას ცდილობდა.
ეს შეგრძნება დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ სხეულთა ვირტუალურმა გაცვლამ შეცვალა ექსპერიმენტის მონაწილეთა თვითაღქმა. „სხვის სხეულში“ მყოფი ადამიანები საკუთარ თავს ისე აღწერდნენ, როგორადაც მანამდე პარტნიორებს აფასებდნენ.
ნეირობიოლოგებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზეც, რომ ცდაში მონაწილე ყველა სუბიექტს ეპიზოდური მეხსიერების პრობლემა გაუჩნდა. ექსპერიმენტიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი ძნელად იხსენებდნენ, უშუალოდ რა სახის პიროვნულ თვისებებზე ეკითხებოდნენ მათ. ამასთან, რაც უფრო განსხვავდებოდა საცდელი წყვილი ერთმანეთისგან ხასიათით, მით უარესი იყო მეხსიერებაზე ტესტირების შედეგები.
მკვლევარების ვარაუდით, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სხეულების გაცვლა მართლაც რომ ხდებოდეს, საკუთარი პიროვნულობის შენარჩუნება სხვისი სხეულის შიგნით უკიდურესად რთული იქნება.
აღსანიშნავია, რომ ესპანელმა მეცნიერებმა მსგავსი ექსპერიმენტები ადამიანების უკეთესობისკენ შესაცვლელად გამოიყენეს. ირკვევა, რომ კვლევის მონაწილე 90 მოხალისე, სხვა ფერის კანის მქონე ადამიანში „ჩასახლების“ შემდეგ, რასიზმისგან „განიკურნა“, ანუ თავი დააღწია რასობრივ მიკერძოებას.
ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, რომ სხვის სხეულში მოჩვენებითი ჩასახლების შემდეგ, ტვინი ამ შეგრძნებებზე მოგონებებს ინახავს და ადამიანს უკვე აღარ შეუძლია, რომ სხვა რასის ადამიანებზე ცუდად იფიქროს.