საქართველო და გაერო თანამშრომლობას აღრმავებენ

© Pixabay / Pixabayგაეროს დროშა
გაეროს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩარჩო–დოკუმენტი შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში მხარეებს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს

 

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik.  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა  საბინე მახლმა მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობის 2021-2025 წლების ჩარჩო-დოკუმენტს მოაწერეს ხელი, იუწყება მთავრობის პრეს–სამსახური.

ახალი ჩარჩო–შეთანხმების განხორციელება მომდევნო წლის 1 იანვარს დაიწყება. დოკუმენტი  შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში მხარეებს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს და სრულ თანხვედრაშია 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია გაეროს გენასამბლეას სიტყვით მიმართავს

შეხვედრის დროს საქართველოს პრემიერმა გაეროს მუდმივ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა გაეროს მიერ ქვეყნისთვის გაწეული ძალისხმევისთვის და ხაზი გაუსვა, რომ სამომავლოდ დოკუმენტი მხარეებს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს. მისი თქმით, დოკუმენტში ასახულია ქვეყნის პრიორიტეტები, გამოწვევები, მოქალაქეთა საჭიროებები და პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გზები.

როგორც საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა აღნიშნა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას სურს საქართველოსთან მუშაობის გაგრძელება, განსაკუთრებით იმ მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულებებით, რაც სოციალურ თანასწორობას, ადამიანური რესურსის შესაძლებლობებსა და ადამიანური რესურსის განვითარებას გულისხმობს.

დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო პარტნიორები, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

დოკუმენტი მოიცავს ხუთ თემატურ მიმართულებას - ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სტრუქტურები; თანაბარი და ინკლუზიური ხელმისაწვდომობა ხარისხიან მომსახურებაზე; ინკლუზიური ეკონომიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; ადამიანის უსაფრთხოება; გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება.

ყველა ახალი ამბავი
0