თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. გადაწყვეტილება იმის შესახებ, შეძლებენ თუ არა ქართველი გულშემატკივრები უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველო–ბელარუსის მატჩზე დასწრებას, რომელიც თბილისში 8 ოქტომბერს გაიმართება, მოგვიანებით გახდება ცნობილი, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.
ადრე უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მატჩზე გულშემატკივართა ნაწილობრივი დაბრუნების შესახებ განაცხადა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგი არ იქნება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში მომავალი კვირიდან შევა, როდესაც ეროვნული გუდების მონაწილეობით მატჩები გაიმართება.
„ჩვენ ამ საკითხზე ჯერ არ გვიმსჯელია, თუმცა ინფორმაცია ჩვენამდე მოვიდა. ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და გამომდინარე იქიდან, თუ როგორი ეპიდვითარება იქნება ქვეყანაში იმ დროისთვის და ასევე სპეციალისტების შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.უეფას რეკომენდაციების თანახმად, თითოეულ მატჩზე დასწრებას, სტადიონის საერთო ტევადობიდან გამომდინარე, 30%–მდე გულშემატკივარი შეძლებს. ამგვარად, იმის გათვალისწინებით, რომ „დინამო არენა“ 55 ათას მაყურებელზეა გათვლილი, საქართველო–ბელარუსის მატჩზე დასწრებას დაახლოებით 18 ათასი ადამიანი შეძლებს.
თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე დადგენილი წესების შესაბამისად, საქართველოში ამ ეტაპზე ღია სივრცეში შეკრებილი ადამიანების რაოდენობა 200–ს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან დაკავშირებით, სფფ–ის წარმომადგენლები საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან აღნიშნულ საკითხზე აქტიურ მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებს მართავენ.