თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრ „ვექტორის“ სპეციალისტებმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური კვლევების დასრულების შესახებ განაცხადეს, აღნიშნა „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ, იუწყება РИА Новости.
ცნობილია, ვინ არ შეიძლება აიცრას COVID-19-ზე: აკადემიკოსი განმარტავს>>
„ვექტორის“ ვაქცინა COVID-19-ზე იმუნიტეტს მთელი ცხოვრების განმავლობაში არ იძლევა, მაგრამ დაცვას, სულ მცირე, ნახევარი წელი უზრუნველყოფს. რაც შეეხება მის უსაფრთხოებას, პრეპარატ „ეპივაკკორონას“ (ЭпиВакКорона) ტესტირების პირველ ფაზას არანაირი საშიშროება არ გამოუვლენია.
„კლინიკური კვლევები „ვექტორში“ სწორედ დღეს დასრულდა“, – განაცხადა პოპოვამ ტელეარხ НТВ-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, ვაქცინაცია სურვილისამებრ ჩატარდება, მაგრამ თუ ეს პროფესიულ რისკებს უკავშირდება, მაშინ შეიძლება აუცილებელიც გახდეს.
ვაქცინის რეგისტრაციას რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ გასულ კვირაში შეუდგა. პროცესის დასრულება 15 ოქტომბერს იგეგმება. „ვექტორმა“ ყველა აუცილებელი დოკუმენტი შემოწმებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს გუშინ ჩააბარა.
ამის შემდეგ ვაქცინის გამოცდა გაგრძელდება. პრეპარატს დატესტავენ 60 წელს ზემოთ ასაკისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე, ასევე ჩატარდება პლაცებო–კონტროლირებადი რეგისტრაციისშემდგომი კვლევები სხვადასხვა ასაკის 5000 ადამიანზე. სულ მესამე ეტაპის კვლევებში მონაწილეობას სულ ცოტა 3 ათასი მოხალისე მიიღებს.
კორონავირუსის რუსული ვაქცინა: რომელ ქვეყნებს სურთ მისი ყიდვა>>
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ცდების შედეგების მასალები უახლოეს თვეებში რუსეთისა და საზღვარგარეთის გამოცემებში დაიბეჭდება. „ეპივაკკორონას“ „ვექტორში“ დაამზადებენ, სამოქალაქო მიმოქცევაში მისი ორი ვარიანტის გაშვება იგეგმება.
ეს უკვე მეორე რუსული ვაქცინაა, რომელმაც ადამიანებზე ცდა წარმატებით გაიარა. პირველი „სპუტნიკ-V“ (Gam-COVID-Vac) აგვისტოს დასაწყისში დარეგისტრირდა.