თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სომხეთის გუნდთან მომავალ მატჩზე კომენტარი არ გააკეთა. მატჩი 11 ოქტომბერს უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში უნდა გაიმართოს.
„სომხეთზე რატომ მეკითხებით? მთელი ჩვენი ძალები და ყურადღება პირველ რიგში ბელარუსის ნაკრებთან თამაშისკენაა მიმართული. მერე უკვე – ერთა ლიგა, მატჩები სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. რაც შეეხება პოლიტიკასა და არეულ ვითარებას... ასეთ კითხვებს არ ვუპასუხებ“, – განუცხადა ვაისმა РИА Новости-ს.
უფრო ადრე ამავე საკითხზე „Sputnik–საქართველომ“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პრეს-სამსახურს მიმართა.
„ამ საკითხზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. საუბარი მატჩის გაუქმების ან მისი ნეიტრალურ მოედანზე გადატანის შესახებ ჯერ არ არის. თვალს ვადევნებთ ვითარებას, მაგრამ საბოლოო სიტყვა, ნებისმიერ შემთხვევაში, უეფაზეა“, – განაცხადეს სფფ-ის პრეს-სამსახურში.
რაც შეეხება უშუალოდ უეფას რეაქციას, ორგანიზაცია თვალს ადევნებს მთიან ყარაბაღში განვითარებულ საომარ მოვლენებს, მაგრამ სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებების ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საშინაო მატჩების გადატანას ჯერჯერობით არ გეგმავს.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები თბილისში 5 ოქტომბერს შეიკრიბებიან. ბელარუსთან მატჩისთვის (უეფას ერთა ლიგის გასული სეზონის გათამაშების ნახევარფინალი) ისინი სამი დღე მოემზადებიან. თამაში თბილისში 8 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ უნდა გაიმართოს.
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა>>
მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ორი გასვლითი შეხვედრა ელოდება უეფას ერთა ლიგის ამჟამინდელი გათამაშების ფარგლებში – 11 ოქტომბერს ერევანში სომხეთის წინააღმდეგ და სამი დღის შემდეგ სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ.