თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში „რთველი 2020“-ის ფარგლებში ამ დროისათვის დაახლოებით 191 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
კახეთში ყურძნის მოსავლის აღების სეზონი 22 აგვისტოს დაიწყო. გადამუშავების პროცესში 60-ზე მეტი ღვინის საწარმოა ჩართული.
დღეის მდგომარეობით ყურძენი ღვინის საწარმოებს 20 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ამ დროისათვის მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით 195 მლნ ლარი მიიღეს.
27 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 137 ათასი ტონა რქაწითელი, 45 ათასი ტონა საფერავი, 3,3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი კვლავ 10 ათას ტონას აღემატება, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ პერიოდშია. 163-მა ღვინის კომპანიამ უკვე გადაამუშავა ყურძენი, აცხადებენ ღვინის სააგენტოში.
საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.
საქართველოდან თხილის ექსპორტი კვლავ იზრდება >>
სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.