თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მატება, არ არის გამორიცხული, დღე-ღამური მაჩვენებელი 300-400-მდე გაიზარდოს, თუმცა მოგვიანებით დაიკლებს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, საქართველოში COVID-19-ის კლინიკური კონტროლის ჯგუფის თავმჯდომარემ თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა და 5 254 შეადგინა. პანდემიის დაწყებიდან გამოჯანმრთელდა 1 906 პაციენტი, გარდაიცვალა - 28.
ცერცვაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით სიკვდილიანობის დაბალი დონეა, რაც იმის ნიშანია, რომ სახელმწიფო პანდემიას უმკლავდება.
„ჩვენ შემთხვევის მატების იმიტომ გვეშინია, რომ მას არ მოჰყვეს ლეტალობის ზრდა. საქართველოში გარდაცვალების ერთეული შემთხვევებია მხოლოდ, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ათეული, ასეული და ათასეულია. საქართველო კვლავ ინარჩუნებს ევროპის 49 ქვეყნასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ჰყავს ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი. ერთ მილიონ მოსახლეზე სულ გვყავს შვიდი გარდაცვლილი, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეს არის მთავარი კრებითი მაჩვენებელი იმისი, როგორ უმკლავდება ქვეყანა და სახელმწიფო კოვიდპანდემიას“, - განუცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი დარწმუნებულია, რომ როგორი ზრდაც არ უნდა იყოს, კლინიკური სექტორი მაქსიმალური ეფექტურობით იმუშავებს.
„რაც არ უნდა ზრდა იყოს, ჩვენი კლინიკური სექტორი იმუშავებს იმდენად ეფექტურად, რომ შევძლებთ გამოვაჯანმრთელოთ ყველა ან მაქსიმალური რაოდენობა ავადმყოფების, ან გარდაცვალების შემთხვევები იყოს ერთეული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მან ასევე უპასუხა თავის ოპონენტებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოს კლინიკური სექტორი პაციენტების დიდ ნაკადს ვერ გაუმკლავდება. ცერცვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს კლინიკური სექტორი ძლიერი აღმოჩნდა და გამოწვევებს გაუძლებს.
ქუთაისში გინეკოლოგები სამშობიაროს კოვიდ-ცენტრად გადაკეთებას აპროტესტებენ >>
სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. თუ ადრე დღე-ღამური მატება 30-40 შემთხვევას არ აღემატებოდა, გუშინ ინფიცირებულთა რიცხვმა მიაღწია ახალ ანტირეკორდს - 296 ადამიანს. ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერია კვლავ აჭარა, სადაც ეპიდემიოლოგები ყოველდღიურად 100-ზე მეტ შემთხვევას აფიქსირებენ. დღეს იქაც ანტირეკორდი დაფიქსირდა - 193 შემთხვევა.
COVID-19-ით ლეტალური შემთხვევების რაოდენობა საქართველოში 28-მდე გაიზარდა.