თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს Тwitter-ის საშუალებით სამძიმარი გამოუცხადეს.
ავიაკატასტროფა უკრაინაში: გარდაცვლილების რიცხვი გაიზარდა >>
სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-26 გუშინ საღამოს ხარკოვის ოლქში ქალაქ ჩუგუევთან ახლოს იმ დროს ჩამოვარდა, როდესაც სასწავლო ფრენას ახორციელებდა. ბორტზე იმყოფებოდა 27 ადამიანი - ეკიპაჟის 7 წევრი და 20 კურსანტი. 25 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორმა კურსანტმა თვითმფრინავიდან გადმოსვლა მოახერხა, მაგრამ დღეს ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
Very painful to hear about the death of young cadets and pilots in a plane crash in #EasternUkraine. My thoughts go to the families of the victims and to the people of Ukraine.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) September 25, 2020
„ძალიან მტკივნეულია აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს ახალგაზრდა კადეტებისა და პილოტების დაღუპვის გაგება. ჩემი ფიქრები დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და უკრაინელ ხალხთანაა“, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა.
დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
„ღრმად ვარ დამწუხრებული უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფით, რომელსაც ბორტზე მყოფი ადამიანების, მათ შორის საავიაციო სკოლის სტუდენტების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს გიორგი გახარია.
Deeply saddened by the tragic news of the Ukrainian military plane crash that claimed the lives of those on board, including aviation school students. My heartfelt condolences to the families and friends of the victims and wishing quick recovery to those injured.
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) September 26, 2020
უკრაინელმა გამომძიებლებმა სისხლის სამართლის საქმე ფრენების და მათი მომზადების წესების დარღვევის მუხლით აღძრეს. განიხილება კატასტროფის ოთხი ვერსია: ტექნიკური გაუმართაობა, ეკიპაჟის შეცდომა, ფრენებზე პასუხისმგებელ პირთა მიერ მოვალეობების არასათანადო შესრულება, თვითმფრინავის ტექმომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემები.