თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი ონლაინ–ფორმატში გაიხსნა.
წიგნის კვირეულის ორგანიზატორებს ყოველწლიური ღონისძიების შერეულ ფორმატში ჩატარების იმედი ჰქონდათ, მაგრამ პანდემიის მეორე ტალღის დაწყებისა და ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო მათ ფესტივალის მთლიანად ვირტუალურ სივრცეში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს.
ფესტივალისთვის თვალის მიდევნება, რომელიც დღეს გაიხსნა და 27 სექტემბერს დასრულდება, ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.
ღონისძიების პირველ დღეს წარმოდგენილი იქნება ნინო ხარატიშვილის, ლაშა ბუღაძისა და ანდრეას ფლურაკისის პიესების კრებული „სამი მედეა“. ასევე შედგება არჩილ ქიქოძის წიგნის „ნორვეგიული დღიური“ პრეზენტაცია, ხოლო პროექტ „მსახიობები ლიტერატურისთვის“ ფარგლებში – ახალი გამომცემლობების წარდგენა და სხვ.
ფესტივალის პროგრამაშია ახალი წიგნების პრეზენტაცია და ქართველ მწერლებთან შეხვედრები, უცხოელ ავტორებთან ვიდეოკონფერენციები, საბავშვო პროგრამა და სხვა ღონისძიებები.
თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი თბილისის მერიის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მხარდაჭერით ტარდება.