ცნობადობის გაზრდა: რამდენს ხარჯავს საქართველო ღვინის ბაზრების ათვისებაზე

© Sputnik / Alexander Imedashviliღვინის სექციაა
ღვინის სექციაა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მეღვინეობა კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციების შემცირების გამო ზარალს განიცდის.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. საქართველო ახალი საექსპორტო ბაზრების ასათვისებლად წელიწადში დაახლოებით 9 მილიონ ლარს ხარჯავს, ამასთან, არც ერთი თეთრი არ დახარჯულა რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, როდესაც მან 2012 წელს ღვინის ეროვნულ სააგენტოში დაიწყო მუშაობა, მარკეტინგული ბიუჯეტი შეადგენდა დაახლოებით 1,5 მლნ ლარს, რომლის მხოლოდ მესამედი იქნა გამოყენებული. 

რთველი - Sputnik საქართველო
რთველი 2020: ჩაბარებული ყურძნის ღირებულება უკვე 133 მილიონ ლარს აჭარბებს

„ახალი ბაზრების ასათვისებლად დღეს ჩვენ დაახლოებით 9 მილიონ ლარს ვხარჯავთ. ეს არის სახელმწიფოს დანახარჯი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ემატება კერძო კომპანიების მარკეტინგული აქტივობა და არც ერთი თეთრი არ დახარჯულა რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის პრომოციაზე“, – განაცხადა მინისტრმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

სტატისტიკური მონაცემებით, ქართული ღვინო ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში გადის – 2019 წელს ქართული ღვინის მთელი ექსპორტის 62,1%-ზე მეტი რუსეთში გავიდა.

„ყველა დანახარჯი რუსული ბაზრის მიღმაა, იმისთვის, რომ ქართული ღვინის ცნობადობა სხვა ქვეყნებშიც გაიზარდოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან მინისტრმა დასძინა, რომ დიდი პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

„არ მინდა საზოგადოებას შთაბეჭდილება შეექმნას, რომ ჩვენ კმაყოფილი ვართ ჩვენი შედეგებით და ვამბობთ, რომ ყველაფერი კარგად არის. არც სოფლის მეურნეობაში და არც ერთი სხვა მიმართულებით არ ვართ კმაყოფილი და ძალიან ბევრია გასაკეთებელი, თუმცა, არ შეიძლება, პროგრესი არ დავინახოთ“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

მისი აზრით, სოფლის მეურნეობა განვითარების გზის დასაწყისშია და ეს მეღვინეობის სექტორსაც ეხება.

„ჩვენ ვსაუბრობთ განვითარების დინამიკაზე და არა იმაზე, რომ სასურველ შედეგს მივაღწიეთ. მაგალითად, ჩემი მოლოდინია, რომ ღვინო მილიარდის შემომტანი იყოს საქართველოსთვის. ამის პოტენციალი ამ ქვეყანას გააჩნია, თუმცა ამას მრავალწლიანი, თანმიმდევრული მუშაობა სჭირდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის ფლაგმანი

სოფლის მეურნეობის მინისტრის აზრით, მეღვინეობას ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პოზიცია უჭირავს, რადგან ღვინის ექსპორტი ქვეყნის საერთო ექსპორტის თითქმის 10%-ს შეადგენს და უამრავი ადამიანია დაკავშირებული და ჩართული ღვინის ინდუსტრიაში, რომელიც სწრაფად იზრდება.

მისი თქმით, ღვინო საქართველოს იდენტობის ნაწილია და სახელმწიფო ყველა ღონეს ხმარობს ამ სექტორის შესანარჩუნებლად.

„ჩვენ ყველას გვესმის, რომ 2020 წელს კორონავირუსმა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით, საქართველოში დააზარალა ღვინის სექტორი, რადგანაც ის გაყიდვის ძირითადი არხი, რომელიც უკავშირდებოდა სასტუმროებს, რესტორნებს, ბარებს, მთელი გაზაფხულის მანძილზე იყო დაკეტილი და თუ ყველა სხვა სექტორში ჩვენ გვაქვს ზრდა, მიუხედავად პრობლემებისა, ღვინის სექტორში ძალიან მძიმე სიტუაცია იყო“, – აღნიშნა მინისტრმა. 

რთველი კახეთში - Sputnik საქართველო
მთავრობა 2020 წლის რთველის სუბსიდირებას ახორციელებს

მისი სიტყვებით, სახელმწიფოს ამიტომაც მოუწია დიდი თანხის გამოყოფა ქართული ღვინის კომპანიების მსყიდველობითი უნარის ასამაღლებლად. მათ შორის არის სახელმწიფო კომპანიაც, რომელიც ჭარბ მოსავალს იბარებს ბაზარზე ფერმერების მდგომარეობის შესანარჩუნებლად.

„თუ დარგს ზურგს შევაქცევთ, ერთ წელიწადში ისეთ ზიანს მივიღებთ, რომლის გამოსწორება ძალიან რთული იქნება. ამიტომ დარგისთვის მდგრადობის შენარჩუნება არის აუცილებელი და მჯერა, რომ ღვინის სექტორი საქართველოს სოფლის მეურნეობის ფლაგმანია და იქნება მომავალში და ძალიან დიდ როლს შეასრულებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ქართული მეღვინეობა კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციების შემცირების გამო ზარალს განიცდის. საქართველოდან ღვინის ექსპორტი ბოლო წლების განმავლობაში პირველად შემცირდა. „საქსტატის“ მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 2020 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,6%-ით დაეცა.

კორონავირუსამდე

საქართველოდან 2019 წელს ღვინის რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განხორციელდა – მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ ბოთლი გავიდა, რაც 9%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და ამავდროულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, აცხადებდა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო. 

ღვინო - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება

2019 წელს ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 240 მლნ დოლარს მიაღწია – 17%-ით მეტი 2018 წლის მაჩვენებელზე. 2019 წელს საზღვარგარეთ ღვინო 341-მა კომპანიამ გაიტანა.

2019 წელს ყველაზე მეტი ღვინო რუსეთში გავიდა. ლიდერი ქვეყნების ხუთეულში მოხვდნენ ასევე უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი.

საზღვარგარეთ ყველაზე პოპულარული ქართული ღვინო ნახევრადტკბილი „ქინძმარაულია“ – 2019 წელს საქართველოდან 17,4 მილიონი ბოთლი „ქინძმარაული“ გავიდა. ყველაზე პოპულარული ქართული ღვინოების ხუთეულშია ასევე „მუკუზანი“, „წინანდალი“, „ახაშენი“ და „ხვანჭკარა“.

ყველა ახალი ამბავი
0