რა ვიცით საქართველოზე? – შეამოწმეთ და შეივსეთ ცოდნა

© photo: Sputnik / Stringerმესტია, საქართველო
მესტია, საქართველო - Sputnik საქართველო
გამოწერა
იცით, რომ ძველად საქართველოში „იქმდის სანმდის ვაზი ხარობდა“, დაბლობად მიიჩნეოდა, ხოლო სადაც არ ხარობდა — მთად?

საქართველო ჩვენი სამშობლოა და თითოეულ ჩვენგანს გარკვეული ცოდნა აქვს მის შესახებ, მაგრამ არსებობს დეტალები, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ.

ქვემოთ რამდენიმე საინტერესო ინფორმაციას გაგაცნობთ.

  • ფართობის მიხედვით საქართველოში ყველაზე დიდია მესტიის რაიონი, რომელიც მოიცავს 304 400 ჰექტარს. მეორე მაჩვენებელი აქვს დუშეთის რაიონს — 298 ათასი ჰექტარი, შემდეგ კი მოდის დედოფლისწყაროს რაიონი, რომელიც გადაჭიმულია 252 900 ჰექტარზე;
    საქართველოში ტყის საფარი 2,5 მილიონ ჰექტარზე მეტია; 
  • საქართველოს შავი ზღვის სანაპირო  ზოლი — მდინარე ფსოუს შესართავიდან სარფამდე — 310 კილომეტრს აღემატება;
  • შავი ზღვა 200 მეტრის სიღრმიდან ფსკერამდე მკვდარია. მასში არანაირი ცოცხალი არსება არ ხარობს, რადგან დიდი რაოდენობით მომწამვლელ გაზს შეიცავს;
  • საქართველოში დიდი თუ მცირე 860 ტბა და 43 ხელოვნური წყალსაცავია, მათი საერთო ფართი 170 კვადრატული კილომეტრია (რაც ქვეყნის ტერიტორიის 0,24%-ია)
  • დაახლოებით 3–4 ათასი წლის წინ ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში წყალი შეიჭრა. წყლის დონის 3-4 მეტრით აწევამ დატბორა კოლხეთის დაბლობი. 1000 წლის შემდეგ შემდეგ ზღვამ ისევ უკან დაიხია და დაგვრჩა დაჭაობებული კოლხეთის დაბლობი;
  • საქართველოში 215 მილიონი ტონა მანგანუმის მადნის მარაგია;
  • ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნეში შავი ზღვის სანაპიროს „დაწევის“ გამო ჩაიძირა ქალაქი დიოსკურია — თანამედროვე სოხუმის მიმდებარედ;
  • საქართველოში არის ტალახის მოქმედი ვულკანები. ასეთი ვულკანების კრატერში თავისუფლად ჩასვლა და ბანაობაა შესაძლებელი. ყველაზე პოპულარულია ახტალა. მეორე ადგილზეა კილაკუპმა (დედოფლისწყაროს რაიონში), რომელსაც „მეორე ახტალადაც“ მოიხსენიებენ;
  • საქართველოში წყლის წლიური რესურსი 65 ტრილიონი ლიტრია (აქედან 18 ტრილიონი ლიტრი სასმელად ვარგისი მტკნარი წყალია), ხოლო მინერალური წყლის წლიური რესურსი 50 მილიარდი ლიტრია. საქართველოში მინერალური წყალი 1500-მდე ადგილზე ამოდის;
  • უძველესი სამაგიდო თამაში ნარდი ქართველთა წინაპრებმა ქალდეველებმა გამოიგონეს;
  • ძველად საქართველოში კარგი საჭურვლის დასამზადებლად სამჭედლოებში წაბლის ხის ნახშირს იყენებდნენ;
  • საქართველოში ნავთობის მარაგი 2 მილიარდ ტონას აღემატება, ხოლო მისი წლიური მოხმარება მხოლოდ 3,5 მილიონი ტონაა;
  • საქართველოში ბუნებრივი აირის დადასტურებული მარაგი დაახლოებით 300 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. ხოლო ჩვენი ქვეყნის ყოველწლიური მოხმარება 2–2,5 მილიარდი კუბური მეტრია;
  • საქართველოში 26 ათასამდე დიდი თუ პატარა მდინარეა და მათი საერთო სიგრძე 60 ათასი კილომეტრია;
  • საქართველოში 58 დიდი, საშუალო თუ მცირე მოქმედი ჰიდროელექტროსადგურია, ხოლო ჰიდრორესურსების ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 ათასი მეგავატ/საათია, თუმცა პოტენციალის 80% აუთვისებელია და მთლიანი ჰიდრორესურსების მხოლოდ 20%-ია გამოყენებული;
  • ძველად საქართველოს მთა და დაბლობი შემდეგნაირად განისაზღვრებოდა: „იქმდის სანმდის ვაზი ხარობდა“, დაბლობად (ბარი) მიიჩნეოდა, ხოლო სადაც არ ხარობდა — მთად. ამჟამად საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 65 პროცენტი უკავია მთას, ხოლო დაბლობს — 35 პროცენტი;
  • საქართველოში დაახლოებით 5000-მდე დაბა და სოფელია, მათგან 200-მდე სოფელი ან სრულიად გაუკაცრიელებულია, ან მისი მოსახლეობა 20 მობინადრეს არ აღემატება...
ყველა ახალი ამბავი
0