თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება, განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ეპიდემიოლოგებმა აჭარას COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით „წითელი ზონა“ უკვე უწოდეს – ბოლო 24 საათში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში სულ ინფიცირების ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან, ფოთსა და გორში კი სკოლებს ყველა კლასის მოსწავლე დაუბრუნდება.
„დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი წარიმართოს საკლასო ოთახებში. ყველა სკოლა, სადაც სასწავლო პროცესი განახლდება, სრულ მზადყოფნაშია, რათა სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იყოს დაცული“, – განაცხადა ჩხენკელმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აჭარის გარდა, ყველა რეგიონში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სკოლის ტერიტორიაზე, სპეციალურად განკუთვნილ რესურს-ოთახში შეხვდნენ სპეცმასწავლებელს. 1 ოქტომბრიდან აგრეთვე შემუშავდება სპეციალური გრაფიკი, რომელსაც სკოლები მშობლებთან შეათანმხებენ, განაცხადა ჩხენკელმა.
რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ეტაპზე სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით დისტანციურად გაგრძელდება.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება.