თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საჯარო სკოლა დაიხურა, მიზეზი – კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
გავრცელებული ინფოცრმაციით, კორონავირუსის ინფექცია სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა, რის გამოც 35 პირი, მათ შორის 27 ბავშვი, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.
„სკოლის 27 მოსწავლეს და 14 მასწავლებელს ტესტი უკვე ჩაუტარდა, რომლის პასუხიც 72 საათში გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდება, დაიწყება წყაროების მოკვლევა, რათა გავრცელების რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“, – განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა კონსტანტინე ხომერიკმა.
დღეს სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა სენაკის საჯარო სკოლაც, სადაც პედაგოგსა და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, მასწავლებელს ვირუსი სენაკელი ქალისგან გადაედო, რომელიც დადასტურებულ შემთხვევას წარმოადგენს, მოსწავლეები კი მისი კონტაქტები არიან. სკოლის ყველა მოსწავლეს და პედაგოგს PCR-ტესტი უკვე ჩაუტარდა – პასუხები დღეს გახდება ცნობილი.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. ქვეყნის მასშტაბით არსებულ დანარჩენ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო.
საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 193-ით გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3695 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1534 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.