თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს ჯუმბერ ბოლქვაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ერთ-ერთი ვერსიით, საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება დავით გეგიძესთან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ამავე პარტიიდან ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელია.
ინცინდენტის შესახებ ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია,
„როგორც მე ვიცი, ღამით მოვიდა მოქალაქე, რომელსაც კოვიდინფიცირებული მოქალაქის მონახულება უნდოდა. ექიმმა მიუთითა, რომ პაციენტის ნახვა არ შეიძლებოდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. მეტი დეტალი ამ ინციდენტის შესახებ ცნობილი არ არის", - განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გია კიკაბიძემ.
ტელეკომპანიის ცნობით, სამართალდამცველებმა დავით გეგიძე უკვე დააკავეს.
დავით გეგიძის ადვოკატ ბადრი ბერიძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული პაციენტის სანახავად არ ყოფილა. ბადრი ბერიძის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფსა და ექიმს შორის მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადგილი არ ჰქონია.
„მისი ქმედება, რისთვისაც დააკავეს, ჩვენი შეფასებით სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც არ შეიცავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა გეტყვით, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი“, - განაცხადა ადვოკატმა.
„დავკარგე ყნოსვა და გემო...“ - ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა >>
ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არც „ნაციონალურ მოძრაობაში" არ აკეთებენ და არც თავად დაზარალებული ექიმი ჯუმბერ ბოლქვაძე.